საქართველო-ევროკავშირი

ევროპარლამენტარი: ასოცირების შეთანხმების ბედი მთავრობაზეა დამოკიდებული

რაც უფრო მეტად დაუახლოვდება საქართველო ევროკავშირს, მით უფრო მეტად გართულდება ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები, - ამის შესახებ, სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, 14 თებერვალს საღამოს გამართულ ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე შვედმა ევროპარლამენტარმა, ევროპარლამენტის ევროპის ხალხთა პარტიის ჯგუფის ვიცეთავმჯდომარე გუნარ ჰოკმარკმა განაცხადა.

კრიტერიუმზე საუბრისას კი გუნარ ჰოკმარკმა ყურადღება კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაზე გაამახვილა, რაც, მისივე თქმით, 100 პროცენტით უნდა იყოს შესრულებული. შვედი დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში აღარ განმეორდეს მოვლენები, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში ჰქონდა ადგილი.

"მინდა აღვნიშნო, არსებობს მზაობა, ნება, როგორც ოპოზიციაში, ასევე ხელისუფლებაში იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს მიაღწიოს კრიტერიუმებს, რომელიც აუცილებელია სამომავლოდ, რათა ქვეყანა ევროპას დაუახლოვდეს. მინდა ამ მიმართულებით მოგახსენოთ, რომ ეს კრიტერიუმები უფრო და უფრო რთულდება და უფრო მაღალი ხდება ქვეყნებისათვის იმის მიხედვით, თუ რამდენად უახლოვდებიან და რამდენად მჭიდრო ხდება მათი თანამშრომლობა ევროკავშირთან. ამის კარგი მაგალითია ხორვატია, რომელთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. რაც უფრო დაუახლოვდა ხორვატია ევროკავშირს, მით მეტად გართულდა და გაძნელდა ამ კრიტერიუმების შესრულება. ამით მინდა ვთქვა, რომ საქართველოსთვისაც იგივე იქნება იმის მიუხედავად, რომ დროის პერსპექტივაში სხვა არის ხორვატიის შემთხვევა. რაც უფრო ახლოს იქნებით ევროკავშირთან, უფრო გართულდება პრინციპები და კრიტერიუმები, რომელიც ეხება კანონის უზენაესობას და დემოკრატიას. ეს კრიტერიუმები კი 100 პროცენტით უნდა შესრულდეს", - აცხადებს გუნარ ჰოკმარკი.

ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში არსებობს განსხვავებული მოსაზრება ევროკავშირის გაფართოების და ახალი წევრების მიღების საკითხზე და მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს ყველა ის პრინციპი, რაც საჭირო და აუცილებელია ამა თუ იმ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

გუნარ ჰოკმარკმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოსთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება რეალურია, რაც დიდწილად საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული.

"როგორც საქართველოს მეგობარი, ამ მიზნების მიღწევას ხელს შევუწყობთ", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა ასოცირების შეთანხმების გაფორმებაზე დაწყებულ მოლაპარაკებებს ხელი შეუშალოს, გუნარ ჰოკმარკის თქმით, ეს განცხადება სახალხო პარტიის პრეზიდენტის მხრიდან „მის გათვითცნობიერებულ შეშფოთებას წარმოადგენდა ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით“.

ევროპარლამენტარი თბილისს აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის - ევრონესტის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ეწვია.

 

კომენტარები