პრესკონფერენცია

ივანიშვილი: არცერთი ცუდი მინისტრი არ არის დღეს ხელისუფლებაში

პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 5 თებერვალს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვიცეპრემიერის თანამდებობა შეიძლება განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა დაიკავოს.
"ჯერ გუნდისთვის არ მითქვამს, მაგრამ გაგიმხელთ: გიორგი მარგველაშვილზე ვფირობ, ალბათ, კარგი ვიცეპრემიერი იქნებოდა", - განაცხადა ივანიშვილმა.
პირველი ვიცეპრემიერის პოსტი ვაკანტური 21 იანვარს გახდა, მას შედეგ რაც ივანიშვილმა ალასანია გაათავისუფლა.  
"მარგველაშვილი არის ინტელექტუალი, ჩემი მეგობარია, არ ვმალავ და ძალიან მიყვარს მასთან პოლემიკა", - აღნიშნა ივანიშვილმა.
პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობაში გადაადგილებები არ იგეგმება.
 "რაც შეეხება კაბინეტს და მის შეფასებებს, თქვენ გაიხსენეთ ის ხელისუფლება და კარუსელები, იქაც კარგად ჩანდა, რომ საბავშვო ბაღის მოსწავლეებივით მართავდნენ სახელმწიფოს და გადაადგილებები იყო გაურკვეველი რაოდენობით. არავითარი გადაადგილება ჯერ არ მომხდარა, არც ეხლა, ეს ვიცეპრემიერის უარყოფა, გადაადგილებას არ იწვევს. ალასანია ისაკუთრებს მის ძირითად პოსტს. ის არის თავდაცვის მინისტრი და აგრძელებს. არცერთი ცვლილება და გადაადგილება არ მომხდარა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ეფექტური მთავრობაა. არავითარი კითხვა საზოგადოების მხრიდანაც სერიოზული არ ჩანს. პატარა ცდომილებები შეიძლება იყოს და მუშაობის პროცესში ეს ნორმალურია. მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი შერჩეული იყო მთავრობა. არავითარი გადაადგილებები არ იგეგმება. მე ძალიან კმაყოფილი ვარ მთავრობის ცალკეული მინისტრების მუშაობით. მეტი კმაყოფილება მაქვს ზოგიერთ მინისტრზე და მათ ამას ვუცხადებ, მაგრამ არცერთი ცუდი მინისტრი არ არის დღეს ხელისუფლებაში", - განაცხადა ივანიშვილმა. 

კომენტარები