საკონსტიტუციო ცვლილებები

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა გადაიდო

პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა გადაიდო. ამის მიზეზად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე, ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ პროექტის საყოველთაო განხილვაში მონაწილეობაზე თავის არიდებას ასახელებს.

"უმრავლესობა ნაციონალურ მოძრაობას მიმართავს წინადადებით, რომ ეს საკითხი გადავიტანოთ საპარლამენტო დებატების ფორმატში, ვინაიდან საჯარო განხილვებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ, ამ თემაზე მსჯელობა საპარლამენტო ფორმატში გავაგრძელოთ და საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, შეაფასოს მტყუანი და მართალი", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ აბაშიძის შეფასებით, ''საკონსტიტუციო ცვლილებებით ვაჭრობა არ უნდა ხდებოდეს''.

ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის სანაცვლოდ, ნაციონალური მოძრაობის მიერ ალტერნატიული წინადადებების წამოყენება არასერიოზულია. 

"უმცირესობა ითხოვს, რომ ამ ცვლილებების მხარდაჭერის სანაცვლოდ, კონსტიტუციაში საქართველოს საგარეო კურსი დავაფიქსიროთ, რაც არასერიოზულია და ფაქტია, რომ ამ საკითხით მანიპულირება, სპეკულირება და ქულების დაწერა ხდება, რადგან საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი ძალიან დიდი ხნის წინ გააკეთა. საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერით, ვაჭრობა არ უნდა ხდებოდეს", - აღნიშნა აბაშიძემ. 

 

 

კომენტარები