პრესკონფერენცია

ივანიშვილი: ძალიან ბევრი წვალობს და აწყობენ ხალხს კარგადო, მეუბნებიან

დღეს, 5 თებერვალს, გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი არ აპირებს "იკეკლუცოს, რომ ისეთი მთავრობა მოიყვანა, რომ საჯარო სამსახურებში ნაცნობობით არავის მიიღებენ".
ინტერპრესნიუსის ჟურნალისტის კითხვაზე, რა მეთოდებით ხდება ახალი კადრების დანიშვნა სხვადასხვა სამინისტროებში, ივანიშვილმა უპასუხა:
"სხვათა შორის, ეგ მეც მაინტერესებს ძალიან, რამდენადაც ჩემი ინიციატივით ორი გვარი მივეცი კანცელარიას და ვერცერთი ვერ მოაწყვეს. როგორც ვიცი, ძალიან ბევრი წვალობს და აწყობენ ხალხს კარგადო, მეუბნებიან. არ ვიცი, ახლა ნაცნობობით ხდება ძირითადად, ხომ? აბა, სპეციალისტებს როგორ მოძებნი?"
ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან მინისტრებს მოუწოდა, საჯარო ტენდერები და კონკურსები ჩაატარონ. მაგალითად, ქართუ ბანკში მოღვაწეობის პერიოდში, ივანიშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი სწორედ საჯარო კონკურსის წესით შეარჩია.  
პრემიერმა ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ ისაუბრა ფრანგულ გამოცდილებაზე და აღნიშნა, რომ ფრანებსაც, რომლებიც გაცილებით წინ არიან, უყვართ ნაცნობებით სარგებლობა და მათი დახმარება. 
მოგვიანებით, პრემიერს კიდევ ერთი ჟურნალისტი ჩაეკითხა აღნიშნულ საკითხზე. 
"შევხედოთ ყველაფერს რეალურად და ობიექტურად: მარტო კონკურსები რომ ჩატარდეს, განაცხადს ისევ ნაცნობი შეიტანს და ნაცნობი კაცი აირჩევს. თუკი ირჩევ კაცს, რომელიც იცი, რომ არის კარგი, პროფესიონალი, იცი მისი გამოცდილება, იცი მისი წესიერების შესახებ და ენდობი, ეს საშინელება და საოცრება არ არის და ამით რომ ისარგებლო, რაღაცის დამახინჯებად არ მიმაჩნია. უკეთესია, გამოაცხადო კონკურსი და კონკურსის გზით ნაცნობზე უკეთესი კადრი შეარჩიო. ნუ დავივიწყებთ როგორები ვართ ქართველები და ნუ გგონიათ, რომ საზოგადოებას 5 წუთში გარდაქმნი. ნუ გგონიათ, რომ მე რაღაც ფოკუსებს ჩავატარებ და მოვიყვან ისეთ ხალხს, რომ ტიპიურად ახალ ცხოვრებას დავიწყებთ. ეს არ მოხდება, კარგად გავითვალისწინოთ ეს და კარგად გავიგოთ. ჩვენ ესა ვართ, ჩვენ ასეთი საზოგადოება ვართ დღეს, და მე არ მეშინია ვთქვა, რომ ჩვენ ასეთები ვართ, ჩვენს გუნდშიც ასეთები არიან და მეც ასეთი ვარ, თუ გნებავთ" ,- განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, უკეთესია კონკურსი წამოვიდეს წინ და გაჩნდეს უფრო მეტი პროფესიონალიზმი. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ რთულია სამსახურში ადამიანი მარტო ბიოგრაფიის საფუძველზე აიყვანო სამსახურში.
"მარტო ბიოგრაფიით როგორ შეიძლება კაცი აიყვანო? მე ბევრი გასაუბრება მინახავს მოვა კაცი, აქვს იდელური CV და პირს გააღებს და სულ სხვა ადამიანია", - ამბობს ივანიშვილი.

კომენტარები