პრესკონფერენცია

ივანიშვილი: სიტყვა ვაუჩერი ვერ გააერთიანებს ახალ და ძველ ხელისუფლებას

შერატონ მეტეხი პალასში მიმდინარე პრესკონფერენციაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაგეგმილი ვაუჩერების დარიგების საკითხზე, პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტს შეეკამათა და აღნიშნა, რომ უადგილოა წინა ხელისუფლების მიერ აპრობირებული ვაუჩერების დარიგებასთან  "სასოფლო სამეურნეო ბარათის" გაიგივება.  
"ვაუჩერი არ ჰქვია, აი, მე გაჩვენებთ, ეს არის სასოფლო სამეურნეო ბარათი. სიტყვები თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ. თქვენ გინდათ, რომ მათ (წინა ხელისუფლებას) დაუკავშიროთ და კარგია, ამაში ცუდი არაფერი არაა... საშუალოდ 600-700 ლარი გამოდის მოსახლეზე ეს საგაზაფხულო სამუშაოებისთვის... ცოტა უხერხული პარალელია. მე მესმის, რომ თქვენ გინდათ ეს ეხლა დააკნინოთ, მაგრამ ჩაგისწორებთ კითხვაში. არა, არ არის ეს ერთი და იგივე", - აღნიშნა ივანიშვილმა. 
ჟურნალისტმა პრემიერს ჰკითხა, გლეხისთვის ფულის მიცემა ხომ არ იქნება "გადაყრილი ფული", რასაც ექსპერტების ნაწილიც ვარაუდობსო. მაგალითად კი ექსპერტ ლადო პაპავას მოსაზრება მოიყვანა. 
აქ ივანიშვილმა დააზუსტა, რომ "ამას ლიბერტარიანელები ამბობდნენ, ეს ბენდუქიძემ დააფუძნა აქ და წინა მთავრობის იყო, რომ არ შეიძლება ვინმეს დაეხმარო". 
"ვაუჩერს იმ დანიშნულებით, რასაც ჩვენი ხელისუფლება აპირებდა და მოსყიდვას აპირებდა მოსახლეობის 1000-ლარიანი, თუ 10-ლარიანი, რაც გამოაცხადეს, და სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა, მეც ვეთანხმები ბატონ პაპავას, რომ ამას არავითარი აზრი არ აქვს. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, აქ შემოვდიეთ. სიტყვა ვაუჩერი ვერ გახდება გამაერთიანებლად. ეს ვერ იქნება ერთი და იგივე, რომ იქაც ვაუჩერი თქვა და აქაც და ისიც ერთია და ესეც ერთია. ასე არ გამოვა. სახელიც კი შევუცვალეთ ჩვენ ამას, იმისთვის, რომ არ აღგრეოდათ თქვენ... თქვენ რა არ მოგწონთ, აქ ამაზე მესაუბრეთ. სიტყვა ვაუჩერით ამას ვერ დააკნინებთ და ვერ გააიგივებთ იმ წარსულს დღევანდელობასთან", - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის განცხადებით, პრინციპული სხვაობაა წინა ხელისუფლების მიერ ვაუჩერების დარიგებასა და სასოფლო სამეურნეო ბარათის დარიგებას შორის. მან ჟურნალისტს ურჩია, წაიკითხოს სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამა, სადაც ნათლადაა ჩამოყალიბებული, რომ ბარათების დარიგების კვალდაკვალ, პროგრამა ასევე მოიცავს საწარმოების აშენებას, ნულოვან და სამპროცენტიან კრედიტებს. ეს ყველაფერი კი შედის 700-მილიონიან პროექტში, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა.  
"მე თქვენ ახლა თავიდან ყველაფერს ვერ აგიხსნით, დარიგებული გაქვთ ყველაფერი და წაიკითხეთ. არასწორად გაქვთ გაგებული და გაეცანით უფრო კარგად... სიტყვა ვაუჩერი ვერ გააერთიანებს ახალ და ძველ ხელისუფლებას, რომ თქვენ ერთნაირები ხართ და ვერც მათ მიერ განხორციელებულ პროექტებს გააერთიანებს ჩვენს პროექტებთან. აქ აზრია ჩადებული განსხვავებული", - განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტს. 
პრემიერის განცხადებით, ის ქვეტექსტი, რომელიც ჟურნალისტს კითხვის დასმისას წამოსცდა, რომ ბარათების დარიგება გაანადგურებს ეკონომიკას, "ეს არის ლიბერტარიანული". 
"ამ დროს ყველა ნორმალური ქვეყანა უკეთებს სუბსიდირებას სოფლის მეურნეობას და ეს ნორმალურია და დღევანდელ საქართველოს გლეხს აუცილებლად სჭირდება დახმარება და ვინც ამას ამბობს, რომ ეს დახმარება არ ვარგა და ზედმეტია, მე მასთან პოლემიკაში არ შევალ", - განაცხადა ივანიშვილმა. 

კომენტარები