ვენეციის კომისია

ჯანი ბუკიკიო: პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით ცვლილების აუცილებლობა არ არსებობს

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ  საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა და მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართა. 
ბუკიკიოს თქმით, უპირველეს ყოვლისა საქართველოში უნდა დამკვიდრდეს „რაც შეიძლება სამართლიანი კოჰაბიტაცია“ და ყველას უნდა მიეცეს საშუალება, შეასრულოს თავისი როლი – ოპოზიციას, უმრავლესობას, საზოგადოებასა და მედიას.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი მთავრობას დაგეგმილი რეფორმების ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელებას ურჩევს.  
"არსებობს ისეთი კანონები და რეფორმები, რომელთა გატარება სასწრაფოა, ხოლო სხვა მნიშვნელოვანი რეფორმები, მაგალითად კონსტიტუციის ღრმა რეფორმა, დროს საჭიროებს. სტრასბურგში ჟურნალისტებმა შემახსენეს ჩემივე სიტყვები – კონსტიტუცია არ არის პერანგი, რომელსაც ყოველდღე იცვლით, თუმცა, უნდა გეყოთ გამბედაობა, რომ შეცვალოთ იგი, როდესაც საჭიროა. კონსტიტუციამ უნდა გააერთიანოს და არ უნდა დაყოს. კონსტიტუცია უნდა აერთიანებდეს, როგორც პოლიტიკურ ძალებს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას", - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.
ბუკიკიომ ვრცლად ისაუბრა პარლამენტის ადგილსამყოფელსა და პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცასთან დაკავშირებით დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ ეს სამართლებრივზე მეტად პოლიტიკური ხასიათის ცვლილებია.  მისი თქმით, საქართველოს გადასაწყვეტია, სად უნდა იყოს პარლამენტი, თუმცა იქვე მაგალითად დაასახელა ევროპარლამენტი, რომელიც სტრასბურგში მდებარეობს, ევროკომისია კი – ბრიუსელში. 
"რეალურად, საქართველოს კონსტიტუციაში არის ურთიერთშეკავების და გაწონასწორების დეფიციტი. ჩვენ კონსტიტუციის პროექტი ამის გამო 2004 წელსაც გავაკრიტიკეთ. პარლამენტს სურს ეს ორი საკითხი სწრაფად განიხილოს და ჩემთვის გასაგებია, რომ მათ უნდათ სტაბილურობა, რათა მოხდეს ცვლილებების გამყარება. სწორედ ამიტომ სურთ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა. მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა, პროცედურებით ძალიან კმაყოფილი არ ვარ. კონსტიტუცია უნდა იყოს გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი და სტაბილური დოკუმენტი. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით ცვლილების მიღების აუცილებლობა არ არსებობს, რადგან არ მგონია, რომ ამ ეტაპზე პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნის იდეა ჰქონდეს", - განაცხადა ბუკიკიომ.
რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ შეთავაზებულ რეფორმას, რომელიც  სასამართლოს გადაწყვეტილებების გადასინჯვის კომისიის შექმნას ითვალისწინებს – ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს შესაძლებლად მიაჩნია. 
"იუსტიციის მინისტრმა დღეს ამიხსნა სრული კონტექსტი და სპეციფიკა, ასევე, ის გარანტიები, რომელიც ამ კომისიის მუშაობას საფუძვლად დაედება. მან თქვა, რომ ეს იქნება დამოუკიდებელი კომისია და ევროპული კომისიის მსგავსი, რომელიც ევროპაში დაახლოებით ათი წლის წინ მუშაობდა და სასამართლოებს დასკვნებს უმზადებდა. თუ იქნება ასეთი კომისიის წევრების დამოუკიდებლობის გარანტია, ამგვარი რამ შესაძლებელია", - აღნიშნა ბუკიკიომ.
იუსტიციის მინისტრის სხვა ინიციატივა – კერძოდ უფლებამოსილების ამოწურვამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დათხოვნა – ჯანი ბუკიკიოს აზრით არაა მიზანშეწონილი ცვლილება. 
მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი ორგანო. 
"მისი წევრები უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი, მის შემადგენლობაში კი მოსამართლეებთან ერთად უნდა შედიოდნენ მეცნიერები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მოსამართლეები ფარული კენჭისყრის წესით უნდა აირჩიონ, თუმცა ამავდროულად, მნიშვნელოვანია თავიდან ავიცილოთ კანონის უზენაესობის დარღვევა იმ მხრივ, რომ საბჭოს წევრები არ უნდა იყვნენ დათხოვნილი, ვიდრე მათი უფლებამოსილება არ ამოიწურება. მათი გამოშვება იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება, თუ შეიცვლება მათი კვალიფიკაცია, ანუ მიზეზი, რის გამოც ისინი საბჭოს შემადგენლობაში შეიყვანეს", – აღნიშნა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა. 
ბუკიკიომ წუხილი გამოთქვა, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება ამნისტიის კანონთან მიმართებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციას არ დაელოდა. მან ამნისტიის შესახებ კანონს პოლიტიკურ გადაწყვეტილება უწოდა. 
"რაც შეეხება ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ეს გამოიწვია იმან, რომ საქართველოს კანონებში ამ მხრივ გარკვეული დეფიციტია. სწორედ ამიტომ, მომავალ კვირას საქართველოს ვენეციის კომისიის ექსპერტთა ტექნიკური ჯგუფი ეწვევა, რომელიც ხელისუფლებას მიაწვდის დასკვნებს, რათა მომავალში ეს ყველაფერი უკეთ წარიმართოს", - აღნიშნა ჯანი ბუკიკომ.
პრესკონფერენციაზე ჯანი ბუკიკიომ ჟურნალისტებს თავისი ოცნებაც გაანდო. 
"არსებობს ქართული ოცნება და არსებობს ბუკიკიოს ოცნება. ჩემი ოცნებაა, მშვიდობიანი საქართველო. მინდა საქართველო იყოს ქვეყანა, სადაც ადამიანებს არ ექნებათ ერთმანეთთან ბრძოლის სურვილი. ქვეყანა, რომელიც იქნება მოწოდებული დემოკრატიული ცვლილებებისთვის. საქართველოსთვის ერთი უმრავლესობის მეორეთი ჩანაცვლება წარმატებული ნაბიჯი იყო, რადგან ეს არის პირველი გამოცდილება, როდესაც პოსტსაბჭოთა სივრცეში მოხდა ხელისუფლების ცვლილება რევოლუციის, ომისა და ძალადობის გარეშე. თქვენ ახლა ახალ ეტაპზე ხართ და ამ ეტაპს ევროპაში კოჰაბიტაციას უწოდებენ", -  განაცხადა ბუკიკიომ.

კომენტარები