ვენეციის კომისია

ვოლსკი: ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გადასახედია თავად კომისიის მიერ

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატის, გიორგი ვოლსკის თქმით, ვენეციის კომისიამ თავად უნდა გადახედოს რეკომენდაციას, რომელიც ე.წ. მოსმენების კანონპროექტის შესახებ გასცა.

"ყველამ იცის, რომ ეს კანონი ჯერ კიდევ მარტიდან მუშავდება და 7 ივნისს არის უკვე მესამე მოსმენით წარმოდგენილი, ამას დაჩქარებულის არაფერი ეტყობა, მით უმეტეს, სამართლებრივი შენიშვნები არც ჩვენს ოპონენტებს, არც საექსპერტო ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ შორის არც პრეზიდენტს არ ჰქონია, რომელმაც ვეტო დაადო ამ კანონს. ასე რომ, ვფიქრობ, ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია გადასახედია თავად ვენეციის კომისიის მიერ.

[...] ჩვენ ვფიქრობთ, რომ დავძლევთ ვეტოს და კანონი მიღებული იქნება, მით უმეტეს, რომ იგი ყველა სტანდარტს შეესაბამება". – თქვა ვოლსკიმ.

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის იურიდიული და საკონსტიტუციო ექსპერტთა გადაუდებელი დასკვნის მიხედვით, მოსმენების შესახებ კანონპროექტი მიღებულია ნაჩქარევად და მოითხოვს როგორც ზემოქმედების შეფასებას, ასევე უფრო დეტალურ დასაბუთებას.

7 ივნისს ქართული ოცნების დეპუტატების ინიციირებული კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილებებს შემდგომში ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის ადმინისტრაციამ ვენეციის კომისიისგან 1 ივლისს სასწრაფო დასკვნა მოითხოვა.

მიღებული კანონპროექტით, გახანგრძლივდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები და გაიზარდა ის დანაშაულები, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები.

კანონპროექტი და მისი დაჩქარებულად მიღება უარყოფითად შეაფასეს საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებმაც.

კომენტარები