სასამართლო

სასამართლო თეა წულუკიანს ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებაზე განმარტება გააკეთა. სასამართლოს თქმით, მინისტრი სასამართლოს რეფორმის მისეული გეგმით სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლას ცდილობს. თეა წულუკიანმა ტელევიზიით უკმაყოფილება გამოთქვა, რომ პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს, "კოტე კუბლაშვილის სასამართლო" კი მათ ათავისუფლებს.

"ქალბატონი თეა წულუკიანი სასამართლოს რეფორმირების მისეული გეგმის საფარქვეშ ცდილობს ზეწოლა მოახდინოს სასამართლო ხელისუფლებაზე. მინისტრი, რომლის ყოველი საჯარო გამოსვლა, ერთი მხრივ, სამართლიანი სასამართლოსა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მოთხოვნითაა გამსჭვალული, უკმაყოფილოა პროკურატურის რიგი შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე სასამართლოს მიერ უარის თქმით. სასამართლოს დაკნინება და მის საქმიანობაში ჩარევა, არა მარტო კანონისა და კონსტიტუციის, არამედ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაც გახლავთ", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

სასამართლომ წულუკიანი ფაქტების დამახანჯებასა და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. განცხადების, მიხედვით, მინისტრის მიერ დასახელებული ერთ-ერთი მოსამართლე საერთოდ არ მუშაობს საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს თქმით, პროკურატურას აქვს უფლება, რომ სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრონ, თუმცა პროკურატურა ამ უფლებას იშვიათად იყენებს.

სასამართლოს განმარტებას თან ახლავს სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც, პირველი დეკემბრიდან 28 იანვრამდე პროკურატურამ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 289 შემთხვევაში მოითხოვა. სასამართლომ აქედან 202 დააკმაყოფილა, 83 - არა, 4-ზე კი განხილვა არ მომხდარა. იმავე პერიოდში პროკურატურამ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო 289 საქმეში მოითხოვა, აქედან სასამართლომ 100 სრულად დააკმაყოფილა, 131 - ნაწილობრივ, 6-ზე არ დააკმაყოფილა, 52-ზე კი განხილვა ჯერ არ მომხდარა. შესაბამისად, სასამართლომ პატიმრობის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა 28.7%-ში არ დააკმაყოფილა. 

კომენტარები