დსთ

გაბაშვილი: თუ ასეთი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და პრემიერსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის მხრიდან საქართველოს დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებულ განცხადებაზე დროულად რეაგირება მოსთხოვა.
გაბაშვილმა "შემაშფოთებელი" უწოდა მიხაილ ევდოკიმოვის განცხადებას და აღნიშნა, რომ, თუ საქართველოს ხელმძღვანელობა მართლაც მართავს რუსეთის მხარესთან დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს, "ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების უგულებელყოფა და ღალატი".
"საქართველოს მთავრობამ უნდა მოახდინოს სასწრაფო რეაგირება ამ საკითხზე, კერძოდ, თუ ეს მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და ბატონი ევდოკიმოვი ცრუობს,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური საპროტესტო ნოტით უნდა მიმართოს რუსეთის საგარეო უწყებას დეზინფორმაციის გავრცელების გამო. ხოლო საქართველოს პრემიერმინისტრმა (და ეს ზუსტად ამ დონის საკითხია), უნდა საჯაროდ და ღიად დაავალოს ყველა უწყებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, ასევე სპეციალურ წარმომადგენელს ბატონ აბაშიძეს, რომ თუ ასეთი კონტაქტები და ასეთი საუბრები მიმდინარეობს, ეს საუბარი სასწრაფოდ შეწყდეს", - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა. 
ბრიფინგზე გიორგი გაბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როცა საქართველო არის ოკუპირებული, ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკებები თანამეგობრობაზე რუსეთთან არის ქვეყნის ინტერესების ღალატი.

კომენტარები