თავდაცვა

მიხეილ სააკაშვილი: არასდროს საქართველო აღარ უნდა დარჩეს ”რაგატკის” ამარა

დღეს, 29 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორში, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ლექტორებთან და კურსანტებთან შეხვედრა გამართა და თავდაცვის სფეროში არსებულ მდგომარეობაზე და სამხედრო სამსახურში გაწვევის სისტემის ცვლილების აუცილებლობაზე ისაუბრა.
პრეზიდენტი შეხვედრაზე შურდულით (ე.წ. რაგატკა) მივიდა, რომელიც ოფიცრებმა მას 2004 წელს თავდაცვის სამინისტროს მონახულებისას მისცეს. 
"აი, ეს იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების აღჭურვა 2004 წელს. შემდეგ გაჩნდა შეიარაღების სერიოზული კომპონენტები, გაჩნდა პრაქტიკულად ყველა კომპონენტი. არცერთი არ გვქონდა, გვქონდა მხოლოდ ეს და ამაყად ვუცხადებდით მთელ მსოფლიოს, რომ გვაქვს ეს ინსტრუმენტი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა იმ მიღწევებზე ისაუბრა, რაც ბოლო წლებში თავდაცვის სფეროში განხორციელდა. კერძოდ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანას აქვს საჰაერო დაცვის სისტემები, სახმელეთო სისტემები, შეიარაღებული ჯავშანტექნიკა და, რაც მთავარია, აშშ-სთან ახალი პროგრამა, რომლითაც შეირაღებული ძალები მთლიანად ახალი დასავლური ტექნიკით უნდა აღიჭურვოს. 
"ეს არის ყველაზე ისტორიული პროცესი, რომელიც საქართველოში ყოფილა მრავალი საუკუნის განმავლობაში. ეს არის იმ შეთანხმებაზე დაფუძნებული, რომელსაც მე მივაღწიე პრეზიდენტ ობამასთან გასული წლის იანვარში. ამ სისტემის ნაწილი ხართ თქვენ. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის მთავრობაში. ჩვენ ჯარს ჩავაცვით, ავაშენეთ, პირველი ტექნიკა შევიძინეთ, ყველაფერი გავაკეთეთ და ახლა გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. ახლა არა მარტო ჯარისკაცებს, ვეტერანებს უნდა მივცეთ მეტი ხელფასი, დაღუპულების ოჯახებს და ამაზე კარგია, რომ მთავრობაც მუშაობს. ერთხელ და სამუდამოდ ეს უნდა დარჩეს წარსულში და არასდროს საქართველო აღარ უნდა დარჩეს, როგორც ერთი ჩვენი თავდაცვის მინისტრი იტყოდა, "რაგატკის" ამარა, - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტი თვლის, რომ "დიდი შეცდომა" იქნება, თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის სამხედრო ტექნიკის წარმოებაზე და სამხედრო ტექნიკის საწარმო "დელტას" თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობიდან  გაიყვანს. 
"იმის მიუხედავად, რომ აშშ-სთან გვაქვს შეთანხმება, 2008 წელს შეიქმნა გარემოება, როდესაც საქართველო აღმოჩნდა სამხედრო ტექნიკის მოწოდების გარეშე. არ შეიძლება ამაზე ხელმოწერა. უნდა გამოვიდეთ საარჩევნო დაპირებებიდან. მესმოდა წინასაარჩევნო კამპანიისას, რომ საქართველოს სამხედრო ტექნიკა ბლეფია. თქვენ ხომ იცით, რომ ბლეფი არ არის. ხომ იცით, რომ ეს "ლაზიკები", "დიდგორები" მართლა დადის, მართლა ისვრის და მართლა მაგარი ტექნიკაა. გვაქვს შეკვეთების ინტერესიც სამხრეთ კორეიდან, კორეის რესპუბლიკიდან და აზერბაიჯანიდან. ეს ისეთი ტექნიკაა, რომელიც ფულს მოიტანს", - განაცხადა პრეზიდენტმა. 
საქართველოს პრეზიდენტმა სამხედრო სამსახურში გაწვევის სისტემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებულ მოდელს უსამართლოდ მიიჩნევს და თავდაცვის მინისტრს ირალი ალასანიას მისი ცვლილების აუცილებლობაში ეთანხმება.  
"დღევანდელი გაწვევის სისტემა უსამართლოა და თავდაცვის მინისტრს ვეთანხმები, რომ ამ ფორმით არ უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ ზოგადად, არ შეიძლება, საზოგადოება შეიარაღებულ ძალებს გაემიჯნოს. დღევანდელი სისტემა უსამართლოა, რადგან ვინც უპატრონო და დაუცველია, ხშირად ის ხვდება გაწვევის სისტემაში და სხვები - არა. თუმცა, საქართველოს შეიარაღებული ძალები მხოლოდ პროფესიული კომპონენტით ვერ იქნება. საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისი შვილიც უნდა იყოს იგი - პრეზიდენტის, მთავრობის წევრის, ბიზნესმენის, სტუდენტი - ცხოვრების განმავლობაში რაღაც ფორმით უნდა ჰქონდეს შეხება შეიარაღებულ ძალებთან, თუნდაც ექვსი ან ცხრა თვით", - განაცხადა პრეზიდენტმა. 
სააკაშვილმა განაცხადა, რომ იარაღის გამოყენება საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, იმისთვის რომ უფრო მეტად დააფასონ პროფესიონალები. მან აღნიშნა, რომ 2008 წელს რეზერვისტების სისტემა ქვეყანამ ვერ გამოიყენა, რადგან საკმარისი ოფიცრები არ არსებობდნენ.
"ყველა რეზერვისტს მეთაური სჭირდება. როდესაც ოფიცრები გვეყოლება, რეზერვის სისტემას აზრი და დანიშნულება ექნება. მერე სხვაგვარად შეიძლება კადრირებული ბრიგადების შექმნა. დღევანდელი გაწვევის სისტემა უნდა შეიცვალოს, მაგრამ, ღმერთმა არ ქნას, შევქმნათ ისეთი სისტემა, სადაც ქართველი დაიბადება, გაიზრდება და მოკვდება ისე, რომ შეხება არ ექნება შეიარაღებულ ძალებთან. ეს დიდი შეცდომა იქნება", - აღნიშნა სააკაშვილმა. 

კომენტარები