სასამართლო

რამდენიმე მოსაზრება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ

სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში, 2010 წლის 1 ოქტომბრიდან, საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ეტაპობრივი დანერგვა დაიწყო. ამ დროისთვის მსაჯულთა ვერდიქტი გამოტანილია სამ საქმეზე.

დღევანდელი მდგომარეობით, ნაფიც მსაჯულთა იურისდიქცია ვრცელდება ქუთაისსა და თბილისზე, ამასთან, ისინი განიხილავენ მხოლოდ სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ რამდენიმე დანაშაულის საქმეს.

ახლახან იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია კანონპროექტზე, რომელიც ნაფიც მსაჯულთა განსჯადობის გაფართოებას ეხება. მთავარი პროკურორის წინადადებით, ყოფილ და მოქმედ თანამდებობის პირთა სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეები შესაძლოა სწორედ ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. თავად კანონპროექტი ჯერ არ გამოქვეყნებულა, შესაბამისად, დეტალებზე ალბათ მოგვიანებით შევიტყობთ.

რატომ არის მნიშვნელოვანი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, როგორც ბრალდებულის უფლება

ყოველთვის არსებობს რისკი, რომ სახელმწიფოს მმართველები შეეცდებიან ბოროტად გამოიყენონ მართლმსაჯულების მექანიზმები. ეს მიზეზი ინგლისელ ბარონებს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული ჯერ კიდევ მეცამეტე საუკუნეში, როდესაც თავისუფლების დიდი ქარტიით განსაზღვრეს წესი – პირის დამნაშავეობის საკითხი გადაეწყვიტათ მისსავე თანასწორ ადამიანებს. ანალოგიურად დაარეგულირეს საკითხი აშშ-ის დამფუძნებელმა მამებმა უფლებათა ცნობილი ბილით, რომელიც კონსტიტუციის ნაწილი გახდა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. ეს გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებული შუამდგომლობს, რომ საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, ბრალდებულს აქვს არჩევანი – ნაფიც მსაჯულებსა და პროფესიონალ მოსამართლეებს შორის.

მართლმსაჯულების სადავეები საზოგადოების ხელში

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი წარმოადგენს დემოკრატიის ერთ-ერთ ფორმას, რომლის ფარგლებშიც საზოგადოება კი არ ახდენს მართლმსაჯულების ფუნქციის დელეგირებას სახელმწიფოზე, არამედ თავად იღებს პასუხისმგებლობას და წყვეტს პირის დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობის საკითხს. ეს უზრუნველყოფს მოქალაქეთა პირდაპირ ჩართულობას პროცესში და ზრდის მათ ნდობას მართლმსაჯულების სისტემის მიმართ.

ზოგჯერ, შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა ჩათვალონ, რომ ბრალდება კანონიერია, მაგრამ არა – სამართლიანი. ამ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ არ გაითვალისწინონ მტკიცებულებები და გამოიტანონ გამამართლებელი ვერდიქტი, რომელიც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ამ მექანიზმს ეწოდება ნაფიც მსაჯულთა ნულიფიკაცია, როდესაც საზოგადოება უარს აცხადებს უსამართლო კანონის გამოყენებაზე და ზღუდავს სახელმწიფოს – ბოროტად გამოიყენოს მართლმსაჯულების ბერკეტები.

რამდენიმე კითხვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ

ვინ შეიძლება იყოს/არ იყოს ნაფიცი მსაჯული

ნაფიცი მსაჯულობის პოტენციური კანდიდატია საქართველოს 18 წელს მიღწეული მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა და აქვს უნარი, სრულფასოვნად აღიქვას და შეაფასოს სასამართლო განხილვის მიმდინარეობა და წარმოდგენილი მტკიცებულებები.

პოლიტიკური თანამდებობის პირს, გამომძიებელს, პოლიციელს, სამხედრო პირს, სასულიერო პირს, ფსიქოლოგს, ფსიქიატრს, იურისტს, ბრალდებულს, ნარკოტიკების მოხმარებისთვის სახდელდადებულ პირს, თავად განსახილველ საქმეში მონაწილეს, აგრეთვე პირებს, რომლებსაც მიკერძოებული მოსაზრებები აქვთ ამ საქმესთან დაკავშირებით – ეკრძალებათ, იყვნენ ნაფიცი მსაჯულები.

ნაფიცი მსაჯულობა მოქალაქის საპატიო მოვალეობაა და მასზე უარის თქმა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კანდიდატი:

– უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყო ნაფიცი მსაჯული;

– ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს;

– არის ავად;

– ხანგრძლივად იმყოფება ან მიემგზავრება საზღვარგარეთ;

– 70 წელს გადაცილებულია.
 

როგორ ირჩევიან ნაფიცი მსაჯულები
 

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ადვოკატისა და პროკურორის თანდასწრებით, ადგენს მოსამართლე. ამ სიაშია შესაბამის ტერიტორიულ ოლქში რეგისტრირებული 100-მდე მოქალაქე, რომლებიც ავსებენ მხარეთა მონაწილეობით შედგენილ კითხვარებს. ეს მნიშვნელოვანია შერჩევის პროცედურისთვის.

შემდეგ ტარდება მსაჯულთა შერჩევის სხდომა. სხდომის დანიშნულებაა იმ კანდიდატთა აცილება, რომლებიც, შესაძლოა, იყვნენ მიკერძოებულები განსახილველ საქმესთან მიმართებაში.

პირველ რიგში, გამოირიცხება სასამართლო განხილვაში იმ პირების მონაწილეობა, რომლებსაც კანონი უკრძალავს იყვნენ ნაფიცი მსაჯულები (იხ. ზემოთ). კანონისმიერი საფუძვლებით აცილებას, შევსებული კითხვარების, აგრეთვე მსაჯულებთან გასაუბრების საფუძველზე, ახდენს მოსამართლე.

შერჩევის მეორე ეტაპია პროკურორისა და ადვოკატის მიერ მსაჯულთა გამოკითხვა მიკერძოებული კანდიდატების გამოსავლენად. ამ პროცესში, მხარეები, სრული თანასწორობის პირობებში, კანდიდატებს უსვამენ კითხვებს და მიღებული პასუხებიდან გამომდინარე, მოსამართლის წინაშე აყენებენ არასასურველი კანდიდატების აცილების დასაბუთებულ შუამდგომლობებს.

მაგალითად, თუ პროკურორის მიერ მოქალაქის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ იგი სრულ უნდობლობას უცხადებს პოლიციის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს, აუცილებლად დადგება შუამდგომლობა მსაჯულობის კანდიდატის აცილების თაობაზე.

დასაბუთებული აცილებების შემდგომ, მხარეებს აქვთ თანაბარი უფლება, დაუსაბუთებლადაც ააცილონ 6-6 კანდიდატი. დაუსაბუთებელი აცილების შინაარსი დასახელებიდანვე ჩანს, იგი აბალანსებს მოსამართლის დისკრეციას დასაბუთებული აცილების საკითხის გადაწყვეტისას. ამასთან, საშუალებას აძლევს ორივე მხარეს, ჩამოიცილონ მათთვის არასასურველი რამდენიმე მსაჯული.

შერჩევის პროცესის გამართულად ჩატარების შემთხვევაში, რჩებიან ის კანდიდატები, რომლებსაც არ აქვთ წინასწარ ჩამოყალიბებული მიკერძოებული შეხედულებები ან რაიმე სენტიმენტები ბრალდებულის ან დაზარალებულის მიმართ. ამ გაცხრილული სიიდან, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, აირჩევა 12 ძირითადი და 2 სათადარიგო მსაჯული.

ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი არის მსაჯულთა სასამართლოს უმნიშვნელოვანესი ეტაპი, სადაც, შესაძლოა, დიდწილად გადაწყდეს საქმის ბედი. აქ განსაკუთრებული როლი ეკისრებათ მოსამართლეებს, რომლებიც ახდენენ პირველად გაცხრილვას, აგრეთვე წყვეტენ დასაბუთებული აცილების საკითხს.

დაცულია თუ არა ნაფიცი მსაჯული

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატზე, აგრეთვე მსაჯულზე განხორციელებული ნებისმიერი ტიპის ზეწოლა ისჯება კანონით. საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო უზრუნველყოფს მსაჯულის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების ფიზიკურ დაცვას.

უკიდურეს შემთხვევაში, თუ, დანაშაულის სიმძიმიდან ან ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ნაფიც მსაჯულთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვაგვარად არსებითად იქნეს ხელყოფილი მათი ხელშეუხებლობა, საქმეს განიხილავს პროფესიონალი მოსამართლე.

კონფიდენციალურია ნაფიც მსაჯულთა თათბირი და კენჭისყრისას გამჟღავნებული პოზიცია. მისი გამხელა ისჯება კანონით.

ნაფიც მსაჯულს და მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვთ, დროულად მიიღონ სახელმწიფოსგან ყველა იმ ხარჯის ანაზღაურება, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული მათ მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულებასთან. იგულისხმება დღიური, სამგზავრო და სხვა პირდაპირი ხარჯები.

ნაფიც მსაჯულს, თუ იგი დასაქმებულია, უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ანაზღაურება.

მნიშვნელოვანია კანონში გაწერილი გარანტიების ეფექტური დანერგვა რეალურ ცხოვრებაში. ნაფიცი მსაჯულის საქმიანობაში ჩარევის ნებისმიერი მცდელობაც კი, მკაცრად უნდა დაისაჯოს, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ დაცულობისა და ხელშეუხებლობის განცდა. იმ შემთხვევაში, თუკი საზოგადოებაში გავრცელდა ერთგვარი შიში, რომ ნაფიცი მსაჯული დაუცველია, და რომ სახელმწიფო ან კერძო პირი რაიმე ფორმით ერევა მათ საქმიანობაში – ეს გამოიწვევს ჩანასახში მყოფი ინსტიტუტის კრახს. ამ შედეგის გამოსწორება იქნება ურთულესი, პრაქტიკულად შეუძლებელი ამოცანა.

მთავარი რისკი ნაფიცი მსაჯულები წინასწარი განწყობით

მთავარი პროკურორის წინადადება, რომელიც მსაჯულთა იურისდიქციის გაფართოებასა და რეფორმის გაგრძელებას გულისხმობს, უაღრესად პოზიტიურად მიმაჩნია, რომ არა ერთი უხერხულობა.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სამართლიანობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ საქმის განხილვამდე არ მოხდეს ბრალდებულის მიმართ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, რადგან ამ შემთხვევაში, ნაფიც მსაჯულთა მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა ძალიან რთული იქნება.

მოქალაქე, რომელსაც წინასწარ აქვს ჩამოყალიბებული რწმენა ბრალდებულის დამნაშავეობასთან დაკავშირებით, ვერ გამოდგება ობიექტურ მსაჯულად. აქ განსაკუთრებით მწვავედ დგება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის საკითხი.

ალბათ ყველას გვახსოვს საგარეო საქმეთა მინისტრის უცნაური განცხადება მარშალის ფონდში, როდესაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები მაია ფანჯიკიძემ კრიმინალებად მოიხსენია. ეს პრობლემა შემაშფოთებელი აღმოჩნდა ამერიკელი სენატორებისთვის, რომლებმაც საქართველოს პრემიერმინისტრისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნეს – „ბრალსა და უდანაშაულობას მიუკერძოებელი სასამართლო უნდა ადგენდეს, სხვაგვარი მოქმედება კანონის უზენაესობას უთხრის ძირს”.

დიახ, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა ნამდვილად უთხრის ძირს კანონის უზენაესობას. ეს არის სასამართლოზე ზეწოლა, იწვევს საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების დამახინჯებას, ლახავს ადამიანის ღირსებას.

სამწუხაროდ, ამ პრობლემამ ჩვენთან სისტემური სახე მიიღო. პრემიერმინისტრი, აგრეთვე იუსტიციის, სასჯელაღსრულების, საგარეო საქმეთა, ფინანსთა მინისტრები და სხვა თანამდებობის პირები პერმანენტულად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ – „კრიმინალები”, „დამნაშავეები”, „დანაშაულებრივი რეჟიმის ხელმძღვანელები”, „მკვლელები”, „ურჩხულები”, „მონსტრები” – იმ ეპითეტების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ტირაჟირებაც მასმედიის საშუალებებით ხდება.

აქვე, სიტყვამ მოიტანა და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა ჟურნალისტური ეთიკის დაბალი სტანდარტები. ქართული პრესის დიდი ნაწილის, აგრეთვე სატელევიზიო მედიისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა – არათუ სასამართლოს გარეშე, არამედ გადაუმოწმებელი ინფორმაციის ან სულაც ფანტაზიის საფუძველზე წერა და საუბარი დამნაშავეებსა და კრიმინალებზე.

ეს თავისთავად სამწუხარო ტენდენციაა, რაც დაბალ პოლიტიკურ და სამართლებრივ კულტურაზე მიუთითებს. პარალელურად, ამან შესაძლოა სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენოს ნაფიც მსაჯულთა სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის საკითხი.

გამოსავალი

იმის გამო, რომ საზოგადოებრივი აზრის წინასწარ ფორმირების რისკი თვალსაჩინოა, აუცილებელია, მხარეებს მიეცეთ უფრო მეტი მექანიზმი, რათა თავიდან იქნას აცილებული ნაფიც მსაჯულთა მიკერძოებული შემადგენლობა.

პირველ რიგში, მიზანშეწონილია ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა პირვანდელი სიითი რაოდენობის გაზრდა. დღეს ეს რაოდენობა შეადგენს მაქსიმუმ 100 კანდიდატს.

გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი მოქალაქე არ ცხოვრობს ოფიციალურ მისამართზე, გამოძახებულთა გარკვეულმა ნაწილმა შესაძლოა ვერ მიიღოს უწყება, ხოლო სხვებმა საპატიო მიზეზით ვერ შეძლონ შერჩევის სხდომაში მონაწილეობა. ამ ფონზე, მივიღებთ სიტუაციას, როდესაც მსაჯულობის კანდიდატთა რაოდენობა იქნება იმდენად მცირე, რომ შერჩევის პროცესი სრულფასოვნად ვერ განხორციელდება. ამიტომ, შესარჩევი კანდიდატების რაოდენობა, მინიმუმ, გასაორმაგებელია.

გადასახედია დაუსაბუთებელი აცილებების რაოდენობის საკითხიც. ეს არის დამატებითი მექანიზმი მხარეთა ხელში, რომ გაცხრილონ მათი აზრით მიკერძოებული, გარკვეული წინასწარი განწყობების მქონე კანდიდატები. დღეს მოქმედი საპროცესო კოდექსი განსაკუთრებულ მდგომარეობაში აყენებს იმ ბრალდებულებს, რომელთაც, შესაძლოა, მიესაჯოთ უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამ შემთხვევაში, მხარეებს 6-ის ნაცვლად, 12 დაუსაბუთებელი აცილების უფლება აქვთ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და ზემოაღნიშნული რისკების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ანალოგიური მიდგომის გავრცელება თანამდებობის პირთა საქმეებზეც, რათა მინიმუმამდე დავიდეს მსაჯულთა მიკერძოების ალბათობა.

იმედია, პირველ რიგში სამართალდამცავი ორგანოები, მათთან ერთად კი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები გამოიჩენენ მეტ სიფრთხილეს უდანაშაულობის პრეზუმფციასთან მიმართებაში. აგრეთვე აუცილებელია დაანონსებული კანონპროექტის საფუძვლიანი და გამჭვირვალე განხილვა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.

მისასალმებელია ხელისუფლების ნება, განაგრძოს მართლმსაჯულების სისტემაში წამოწყებული მნიშვნელოვანი რეფორმები. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იურისდიქციის გაფართოება ძალიან კარგი ნაბიჯია ამ მიმართულებით.

კომენტარები