შრომის კოდექსი

შრომის კოდექსის ცვლილებების პროექტი უკვე გამოქვეყნდა

შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტი საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.  

ახალი პროექტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას მხარე ვალდებულია, არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს მეორე მხარე წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის წესით. დამსაქმებელს უფლება აქვს, წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის ნაცვლად, დასაქმებულს გადაუხადოს არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება/კომპენსაცია 30 დღის ვადაში. ასევე დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.

კოდექსის 38-ე მუხლის მიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის დასაბუთებული გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი. 

უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება, ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა. "ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება, თუ შრომის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 48 საათს. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საშუალო საათობრივი განაკვეთის არანაკლებ 1.25-ის ოდენობით. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებაზე და ანაზღაურების პირობებზე იმ შემთხვევაშიც, თუ შრომის ხანგრძლივობა არ აღემატება კვირაში 48 საათს".

სამუშაო დროდ კვირაში 41 საათია განსაზღვრული. ხოლო 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისა და შრომის მძიმე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს. 14-დან 16 წლამდე ასაკის პირის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს კვირაში. 

შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რომელიც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას, შესაძლებელია, თუ დროებითი შრომისუუნარობის ვადა არ აღემატება ზედიზედ 60 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 90 კალენდარულ დღეს.

შეგახსენებთ, შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტრომ 22 იანვარს გამართა.

 

 

 

კომენტარები