საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე აფხაზებისა და ოსების მხარეებად აღიარებას შესაძლებლად მიიჩნევს. ამის შესახებ მან სააგენტო GHN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"ამის გაკეთებაც აბსოლუტურად შესაძლებელია, თუკი არ იქნება საუბარი რაიმე საერთაშორისო სამართლის სუბიექტზე. ეს პოზიცია 2008 წლის ომამდე ძალიან კარგად მუშაოდა. ეს იყო ფორმატი, როდესაც ქართველები და აფხაზები, ქართველები და ოსები ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ და როგორც მხარეები, ხელს აწერდნენ საკმაოდ წარმატებულ მოლაპარაკებების ოქმებს", - აცხადებს ვოლსკი. მისი თქმით, შედეგიც სახეზე იყო: 2006 წლისათვის მომდინარეობდა სამშვიდობო პროცესი და შეიქმნა საგზაო რუკა, რომელსაც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა უჭერდა მხარს და ის აჩვენებდა საკმაოდ მნიშვნელოვან, თვალსაჩინო შედეგებს, რომ არა წინა ხელისუფლების ხისტი პოზიციები.
ქართული ოცნების ცალკეული წარმომადგენლები აქამდეც აცხადებდნენ, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, როგორც კონფლიქტის მხარეებთან, ისე უნდა წარმართულიყო მოლაპარაკებები, როგორც ეს წარსულში ხდებოდა. მაშინ რუსეთი თავს შუამავლად წარმოაჩენდა და ცდილობდა შეენიღბა, რომ თავად იყო კონფლიქტის მხარე. რუსეთის როლი 2008 წლის აგვისტოს ომმა ყველაზე ნათლად წარმოაჩინა და ოკუპაციის საერთაშორისო დონეზე აღიარება დაიწყო. ამით რუსეთს დაეკისრა პასუხისმგებლობა ამ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ხელიდან გამოეცალა ბერკეტი, მარიონეტული რეჟიმების ზურგს ამოფარებოდა.
ამჟამად ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში მიმდინარე დიალოგში რუსეთსა და საქართველოს შორის, სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. თუმცა, მათ არ აქვთ დამოუკიდებელი მხარეების სტატუსი.





