ჟენევის მოლაპარაკებები

უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები, COVID-19, დე ფაქტო ანექსია – ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი

2020 წლის 10-11 დეკემბერს, ერთწლიანი წყვეტის შემდეგ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების განხილვის მთავარ თემას კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში ადგილზე გამწვავებული უსაფრთხოება და ჰუმანიტარული ვითარება, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი წარმოადგენდა.

სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებებზე ქართული მხარე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, 2020 წლის 12 ნოემბერს სოჭში რუსეთის პრეზიდენტსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერს შორის გამართულ შეხვედრაზე, ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის საკითხის განხილვას, რაც ანექსიის ფორმალურად გაფორმებისაკენ მიმართულ დესტრუქციულ ნაბიჯად შეფასდა. საქართველოს დელეგაციამ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის მორიგ აგრესიულ მცდელობას, დააკანონოს ევროპაში სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების პრაქტიკა, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.

მოლაპარაკებებზე აღინიშნა, რომ პანდემიის პირობებში დესტრუქციული ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ისევე, როგორც გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას, პანდემიის პირობებში გლობალური მასშტაბით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე. პარალელურად ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის მიერ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებას – მათ შორის, კიბერთავდასხმას ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიის წინააღმდეგ.

"საქართველოს დელეგაციამ დასვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ადგილობრივი მაცხოვრებლების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების საკითხი და მოითხოვა ირაკლი ბებუას, ზაზა გახელაძის, გენადი ბესტავისა და უკანონო ტყვეობაში მყოფი, საქართველოს სხვა მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე, რაც კიდევ უფრო ამწვავებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობას ისედაც რთულ სოციალურ ყოფას. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ სამედიცინო ევაკუაციის ეთნიკურ ნიადაგზე შეზღუდვის ფაქტებზე, რამაც ადგილობრივთა გარდაცვალების არაერთი ფატალური შემთხვევა გამოიწვია". – ვკითხულობთ განცხადებაში. 

მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციას, ასევე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დანარჩენი საქართველოსგან იზოლირების გააქტიურებულ მცდელობებზე საუბარს. საშიშ ტენდენციად შეფასდა ადგილობრივი მოსახლეობის მიზანმიმართული რუსიფიკაციის პროცესი.

"საქართველოს დელეგაციამ კვლავ დასვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხი". – აცხადებენ სამინისტროში.

ქართველმა მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დაცვით.

"ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა დევნილთა დაბრუნების თემის საგნობრივი განხილვის აუცილებლობა. თუმცა რუსეთისა ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ სცადეს აღნიშნული ჰუმანიტარული თემის პოლიტიზირება და მოლაპარაკებები დატოვეს". – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი 6-7 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა რუსეთმა რაუნდი ჩაშალა. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 23-24 მარტს გაიმართება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან, აგრეთვე, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

კომენტარები