საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჟან-კლოდ მინიონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
შეხვედრის მთავარი თემები ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გაღრმავება და რუსეთთან მიმართებაში მიღებული რეზოლუციების მნიშვნელობა იყო.
ჟან-კლოდ მინიონმა მზაობა გამოთქვა, ხელი შეუწყოს რეზოლუციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, სააკაშვილმა კი მას რუსეთ-საქართველოს ომის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასებისთვის მადლობა გადაუხადა.
"ყველას უნდა რუსეთთან კარგი ურთიერთობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი შენი მეზობელია. თუმცა, ის ახლა არა მხოლოდ მეზობელი, არამედ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპანტია. საქართველოს ახალი ხელისუფლების ურთიერთობის ახალი მოდელი მეზობელი სომხეთის მოდელზეა აგებული. მას არ სურს, იყოს ნატოს წევრი ქვეყანა, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი პოზიციაა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პირადი მიწვევით იმყოფება. დღესვე იგი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა.





