სტრასბურგი

მიხეილ სააკაშვილი: მოწმეები ვართ, როგორ ესხმიან თავს მოსამართლეებს, დამოუკიდებელ მედიას

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ახალი ხელისუფლების მხრიდან თვითმმართველობებსა და საპარლამენტო უმცირესობაზე ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა.

„პოლიტიკური ძალები ძველი მენტალობით არიან შებოჭილი. ადგილობრივი მმართველობა, დღევანდელი პარლამენტის ოპოზიციური წევრები უმრავლესობის მხრიდან შანტაჟის მსხვერპლი არიან. ახალი ხელისუფლება ხშირად პოლიტიკურ ელფერს აძლევს უმცირესობის ნებისმიერ აქტივობას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ზეწოლის ობიექტები არიან მოსამართლეები და დამოუკიდებელი მედიაც.

„მოწმეები ვართ, როგორ ესხმიან თავს მოსამართლეებს, დამოუკიდებელ მედიას. ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მაგალითზე გამოჩნდა. ეს იყო პირველი საზოგადოებრივი არხი, რომელიც იყო დაბალანსებული ტელევიზია. იმის მაგივრად, რომ განემტკიცებინათ ასეთი სახელი, ახალი პრემიერი აიძულებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს, რომ გადადგეს და აერთიანებს მას მეცხრე არხთან. წლების განმვლობაში უდიდესი კერძო არხის, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი დაკავებული იყო“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მის ხელისუფლებას საზოგადოებასთან საკმარისი კომუნიკაცია არ ჰქონდა, თუმცა „ჩვენი პრინციპები პოლიტიკური რისკების გამართლებად შეიძლება გამოვიყენოთ“.

„არის თუ არა გამართლებული სტალინის ძეგლის დაბრუნება, რაც სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსდება. ჩვენ ყველა რეფორმა წარმატებით არ განგვიხორციელებია და ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ ახალი მთავრობა უნდა ეცადოს, არა გადაშალოს ყველაფერი ის, რაც იყო გაკეთებული, არამედ წინ წავიდეს და მეტს მიაღწიოს. ახალმა მთავრობამ განაცხადა, რომ ევროპული გზის გაგრძელება უნდა, ეს პოზიტიური სიგნალია და მხარი დავუჭირეთ, მაგრამ ახლა საჭიროა მოქმედებებიც“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები