საქართველო-სომხეთი

ივანიშვილი: საქართველო ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა

საქართველოს პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველო ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მომხრეა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური სააგენტო news.am ავრცელებს.

ბიძინა ივანიშვილმა, სომხეთის პრემიერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადების შესახებ განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მინისტრის სიტყვები დაამახინჯეს.

"ორივე მხარემ უნდა გამოიყენოს ყველანაირი ძალისხმევა ყარაბაღის საკითხის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის. მე შევხვდი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და გავაცანი სომხეთის პრემიერმინიტრს მისი მოსაზრება ყარაბაღთან დაკავშირებით", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

სომხეთის პრემიერმა, ტიგრან სარქისიანმა კი ქართველ კოლეგას დაბალანსებული პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა. 

"ქართული მხარის მადლიერი ვარ, რადგან ისინი სწრაფად რეაგირებენ ქართველი მაღალჩინოსნების სახელით ყარაბაღის საკითხზე მედიაში გავრცელებულ დამახინჯებულ განცხადებებზე. ოფიციალური თბილისი სიტუაციას ნათელს სწრაფად ჰფენს", - აღნიშნა სარქისიანმა. 

საქართველოს პრემიერი დღესვე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს შეხვდა. შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტის სასახლეში შედგა და საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრისა და სომხეთის პრეზიდენტის ერთობლივი სადილი გაიმართა.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება, სადაც სომხეთის პრემიერსა და პრეზიდენტს შეხვდა.

კომენტარები