ხმით არცერთის წინააღმდეგ პარლამენტმა 16 იანვარს პირველი მოსმენით მიიღო სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტი, რომელიც მაღალი თანამდებობის პირების საქმეების ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განსჯის საკითხს შეეხება.
ცვლილებების ინიციატორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროა. მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, ამ კანონპროექტის მიღების მიზანია, ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე პოლიტიკური დევნის აღქმა გამოირიცხოს.
„არსებობს გარკვეული კითხვები, ზოგჯერ უსაფუძვლო, ზოგჯერ გარკვეულ საფუძველზე დამყარებული, რომ შესაძლოა ეს პირები პოლიტიკურ დევნას განიცდიან. იმისათვის, რომ ეს ეჭვი იყოს საბოლოოდ გაქარწყლებული და საზოგადოებამ მიიღოს პასუხი კითხვაზე, მართლა განიცდიან თუ არა ყოფილი მოხელეები პოლიტიკურ დევნას, ყველაზე ეფექტიანად ამას გააკეთებს სასამართლო, რომლის ნდობაც გააჩნია საქართველოს მოსახლეობას“, - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
საპარლამენტო განხილვისას უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები ცვლილებების შეჯერებულ პროექტზე შეთანხმდნენ. იუსტიციის სამინისტრომ და საპარლამენტო უმრავლესობამ ნაციონალური მოძრაობის წინადადებების ნაწილი გაიზიარეს. მაგალითად, ეს შეეხება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ტერიტორიული პრინციპით გაფართოებას. ამჟამად ამ ტიპის სასამართლო მხოლოდ თბილისსა და ქუთაისში მოქმედებს, თუმცა საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, ინსტიტუტი ბათუმშიც ამოქმედდება.
პროექტში ასევე გაითვალისწინეს ოპოზიციის ზოგიერთი მოთხოვნები, რომლებიც სასამართლო პროცესების საჯაროობას და მოწმეთა დაკითხვის ახალი მექანიზმის ამოქმედების ვადის შემცირებას შეეხებოდა. 2013 წლის 1 დეკემბრის ნაცვლად, მოწმის დაკითხვის ახალი წესი, რომელიც მოწმის მიერ ჩვენების მიცემას მხოლოდ მოსამართლის წინაშე ითვალისწინებს, 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.
„ჩვენ ვითხოვდით ამ პრინციპის შემოტანას დაუყოვნებლივ, მაგრამ მათ განაცხადეს, რომ ამ პრინციპს შემოიტანენ 1 სექტემბრის შემდეგ, ანუ ისინი თვლიან, რომ სექტემბრამდე დაასრულებენ პოლიტიკურ დევნას და მხოლოდ შემდეგ განახორციელებენ ცვლილებას“, - ოპოზიციის ნაწილი, კერძოდ დეპუტატი აკაკი მინაშვილი, მაინც უკმაყოფილო დარჩა აღნიშნული შეთანხმებით.
უმრავლესობამ არ გაითვალისწინა ნაციონალური მოძრაობის ის ინიციატივა, რომელიც ნაფიც მსაჯულთა განსასჯელი საქმეების ჩამონათვალის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას ითვალისწინებდა და არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობითა და ყოფილი თუ მოქმედი სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულებებით.
„ეს შეეხება ყაჩაღობის, ძარცვის, ქურდობის საქმეებს და ა.შ. ჩვენ გვინდა ამ მიმართულებით უფრო საფუძვლიანად და სიღრმისეულად ვიმუშაოთ. მხარს დავუჭერთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერებას“, - განაცხადა დეპუტატმა დავით საყვარელიძემ.
თუმცა, უმრავლესობამ შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებისა და მატერიალური სახსრების სიმწირის გამო უარი თქვა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის კიდევ უფრო გაფართოებაზე.
15 იანვარს, არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა. ორგანიზაცია მიესალმება მთავრობის ინიციატივას თანამდებობის პირთა საქმეებზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლების გავრცელებასთან დაკავშირებით, თუმცა, იქვე აცხადებს, რომ პროექტი დახვეწას საჭიროებს.
თავისუფლების ინსტიტუტი პროექტის ინიციატორებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს. კერძოდ, ორგანიზაცია ითხოვს, „გაფართოვდეს (მინიმუმ გასამმაგდეს) მსაჯულობის კანდიდატების დაუსაბუთებელი აცილების უფლება. ამასთანავე, მოსამართლეს უნდა მიეცეს უფლება, მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე, მსაჯულების შერჩევის სხდომაზე მოიწვიოს არა 100, არამედ მეტი კანდიდატი“. ამის აუცილებლობას კი ორგანიზაცია იმით ხსნის, რომ, არსებულ ვითარებაში, „რთული იქნება წინასწარი მიკერძოებისგან თავისუფალი მსაჯულების მოძიება, ვინაიდან საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება მიზანმიმართული პროპაგანდის ან ცრურწმენების მსხვერპლი აღმოჩნდეს“.
არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე ითხოვს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება შეეხოს არა მხოლოდ ყოფილი თანამდებობის პირებს, არამედ ყველა პირს. ამის არგუმენტად ორგანიზაციას ის ფაქტი მოჰყავს, რომ ხშირად ყოფილი თანამდებობის პირებზე სხვადასხვა სახის „ზეწოლა ხორციელდება ირიბად, მათი ნათესავებისა და ახლობლების სისხლისსამართლებრივი დევნის გზით“.
თავისუფლების ინსტიტუტი მტკიცებულებების ფაბრიკაციებისა და ამით მსაჯულთა ინსტიტუტის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, ითხოვს დაუყოვნებლივ ამოქმედდეს „საპროცესო კოდექსის ნორმა, რომელიც იცავს პირის უფლებას მოწმის სახით ჩვენება მისცეს მხოლოდ სასამართლოში“.
თავისუფლების ინსტიტუტი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემდგომი გაძლიერების მიზნით, ასევე ითხოვს მის გავრცელებას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე.
შეგახსენებთ, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2011 წლის ბოლოს დაინერგა. მას ამჟამად უფლება აქვს განიხილოს მხოლოდ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეები. ამ დრომდე ნაფიც მსაჯულთა სულ სამი სასამართლო პროცესი შედგა.





