მაია ფანჯიკიძე

მაია ფანჯიკიძე ლიტვაში მოხსენებით გამოვიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ოფიციალური ვიზიტით ლიტვაში იმყოფება, სადაც პარლამენტთან არსებულ ევროპულ კლუბში მოხსენებით გამოვიდა. მოხსენების თემა იყო: საქართველოს საგარეო პოლიტიკა არჩევნების შემდეგ. 

შეხვედრას ლიტვის ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მინისტრმა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რის შემდეგაც კითხვებს უპასუხა.

როგორც მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ის 2 საათის განმავლობაში პასუხობდა შეკითხვებს და შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. 

"მათი შეკითხვები იყო ძალზედ კომპეტენტური და საინტერესო. მსგავსი ფორმატით - დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში, პირველი შეხვედრა შედგა საქართველოს ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთან, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ იგი საინტერესოდ წარიმართა და ბევრ კითხვას, რომლის შესახებაც შეიძლება არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია ამ ქვეყანაში, პასუხი გაეცა", - განაცხადა ფანჯიკიძემ. 

საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის ელჩის, იონას პასლაუსკასის თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს ახალი ხელისუფლების გეგმების შესახებ მეგობარი ქვეყნები ინფორმირებულნი იყვნენ. 

"მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს საქართველოს ძირითადი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების უცვლელობისა და განგრძობითობის შესახებ, ვგულისხმობ ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. ლიტვაში ძალიან ბევრი პოლიტიკოსი თუ უბრალო მოქალაქე ინტერესდება სიახლეებით საქართველოს შესახებ, რადგანაც ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობები გვაკავშირებს. მნიშვნელოვანია საქართველოს მეგობრები ინფორმირებულნი იყვნენ ახალი მთავრობის გეგმებზე. დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე აქ შეკრებილი ადამიანების რაოდენობამ და მათი მხრიდან გამოჩენილმა ინტერესმა", - აღნიშნა იონას პასლაუსკასმა 

ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში, მაია ფანჯიკიძე ლიტვის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. 

კომენტარები