ბოლივია

ბოლივიელი მაღალჩინოსანი აშშ-ს ქვეყნის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს

ბოლივიას აქვს "უტყუარი მტკიცებულება", რომ ამერიკის შეერთებული შტატები პრეზიდენტ ევო მორალესის ადმინისტრაციის საქმიანობის დესტაბილიზაციას ცდილობს. 
მორალესის მთავრობის ერთ-ერთმა მინისტრმა, ხუან რამონ კვინტანამ სამთავრობო ტელევიზიასთან საუბარში განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩოს "არასათანადო საქმიანობაში" ჩართულობის შესახებ ინფორმაციას უშუალოდ პრეზიდენტ ობამას გადაუგზავნის. 
"ჩვენ ვაგროვებთ ფაქტებს. თქვენ იცით, რომ ჩვენ იმპროვიზაციას არ ვეწევით და არც უპასუხისმგებლოები ვართ. შეერთებული შტატების ქმედებებთან დაკავშირებით ვაგროვებთ მტკიცებულებებს და სკრუპულოზურ გამოძიებას ვატარებთ", - განაცხადა მან.
მორალესს, 2006 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, დაძაბული ურთიერთობა აქვს შეერთებულ შტატებთან. მას ნარკოტრეფიკინგთან არაეფექტურად ბრძოლისა და საერთაშორისო კომპანიების ნაციონალიზაციის გამო აკრიტიკებენ.    
ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური სკანდალი 2008 წელს გამძაფრდა. მორალესმა  აშშ-ის ელჩი მისი მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაში დაადანაშაულა და ქვეყნიდან გააძევა. საპასუხოდ, ვაშინგტონმაც გააძევა ბოლივიის ელჩი. 
2011 წელს შეერთებული შტატები და ბოლივია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას დათანხმდნენ, თუმცა ელჩები ჯერ კიდევ არ დანიშნულან.   

კომენტარები