საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი დირექტორი ჰყავს, გიორგი ბარათაშვილს სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა ხმა. კენჭისყრაზე ნათია აბრამიამ სამი, მეგი თავდუმაძემ კი ორი ხმა მიიღო. 13-კაციანი ბორდიდან ნიკოლოზ მახარაშვილსა და თინათინ რუხაძეს მხარი არცერთმა წევრმა არ დაუჭირა. 143 კონკურსატიდან საბოლოოდ სწორედ ეს 5 პრეტენდენტი გამოიკვეთა.
ახალი დირექტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი იყო, წინა დირექტორის წასვლის შემდეგ კი დროებით მის მოვალეობას ასრულებდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ექვსწლიანი ვადით აირჩევა.