კანონმდებლობა

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი მიიღო

ხანგრძლივი დისკუსიის, დებატებისა და თავად უმრავლესობის წევრებს შორის რიგ მუხლებთან მიმართებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონი 80 ხმით მიიღო:

`ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების მიზანშეწონილობისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ კრიმინოგენური ვითარების კონტროლისა და პრევენციის სათანადო მექანიზმების არსებობის პირობებში, საქართველოს პარლამენტი, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, აცხადებს ამნისტიას. 

მუხლი 1

გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც არასრულწლოვნების ასაკში ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.

მუხლი 2

გაუნახევრდეს სასჯელი ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არ მქონე პირს, რომელმაც არასრულწლოვნების ასაკში ჩაიდინა მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.

მუხლი 3

გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არ მქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაულებისა:
ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა (110-ე მუხლი; 111-ე მუხლი; 112-ე მუხლი; 113-ე მუხლი; 114-ე მუხლი; 115-ე მუხლი; 116-ე მუხლი; 118-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 130-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 133-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 161-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 170-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 188-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 220/1 მუხლის მე-2 ნაწილი; 229/1 მუხლის მე-3 ნაწილი; 238-ე მუხლი; 240-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 281-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 283-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 289-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 292-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 293-ე მუხლის მე-4 ნაწილი; 295-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 297-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 342-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 342/1 მუხლის მე-2 ნაწილი; 397-ე მუხლის მე-2 ნაწილი); ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (117-ე მუხლის პირველი ნაწილი); დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ (139-ე მუხლი; 140-ე მუხლი; 141-ე მუხლი); დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ (142-ე მუხლი; 142/1 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი; 143/3 მუხლის პირველი ნაწილი; 144/2 მუხლი; 144/3 მუხლის პირველი ნაწილი; 146-ე მუხლის პირველი ნაწილი; 153-ე მუხლი; 154-ე მუხლი; 155-ე მუხლი; 156-ე მუხლი; 159-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 160-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 161-ე მუხლის პირველი ნაწილი; 162-ე მუხლი; 163-ე მუხლი; 164-ე მუხლი; 164/1 მუხლი; 164/2 მუხლი; 164/3 მუხლი; 166-ე მუხლი); არასრულწლოვანის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (171-ე მუხლის მე-3 ნაწილი); ბავშვის შეცვლა (174-ე მუხლი); პროსტიტუციაში ჩაბმა (253-ე მუხლის პირველი ნაწილი); დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ (320-ე მუხლის პირველი ნაწილი; 321-ე მუხლის პირველი ნაწილი); სამოხელეო დანაშაული (332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები; 333-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები; 334-ე მუხლი; 335-ე მუხლის პირველი ნაწილი; 337-ე მუხლი; 339-ე მუხლის პირველი ნაწილი; 340-ე მუხლი; 341-ე მუხლი, 342-ე მუხლი); სამართალწარმოების განხორციელებისათვის ან გამოძიებისათვის ხელის შეშლა (364-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები); დანაშაული მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ (369/1 მუხლის მე-2 ნაწილი); დანაშაულის დაფარვა (375-ე მუხლი); დანაშაულის შეუტყობინებლობა (376-ე მუხლი); დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ (378-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 381-ე მუხლის მე-2 ნაწილი); მოწოდება აგრესიული ომის გაჩაღებისაკენ (405-ე მუხლი).

მუხლი 4

ერთი მესამედით შეუმცირდეს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ ქალს, გარდა დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.

მუხლი 5

1. გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩამდენი პირი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისა და ასევე დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.

2. გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან სასიკვდილო შედეგის მქონე გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ ყველა დაზარალებულის უფლებამონაცვლე, ამ კანონის გამოყენების პროცესში, გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას გამოთქვამს ამ პირის მიმართ ამნისტიის აქტის გამოყენებაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც დაზარალებულის უფლებამონაცვლე გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, წინამდებარე ამნისტია გამოყენებული იქნება ამ მუხლით გათვალისწინებული პირის მიმართ, თუ აღნიშნულის შესახებ, ამ პუნქტით გათვალისწინებული წესით, თანხმობას გამოთქვამს დაზარალებულის ოჯახის ყველა სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი).

მუხლი 6

გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არ მქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან/და მძიმე კატეგორიის დანაშაულის მომზადება ან/და მცდელობა.

მუხლი 7

გაუნახევრდეს სასჯელი ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არ მქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადება ან/და მცდელობა.

მუხლი 8

1. გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, იმავე კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ან/და მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით და ამასთან, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლები პირი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით.

2. გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი.

მუხლი 9

გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არ მქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

მუხლი 10

გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339/1-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი.

მუხლი 11

1. გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ ყველა დაზარალებული ან მათი უფლებამონაცვლე, ამ კანონის გამოყენების პროცესში, გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას გამოთქვამს ამ პირის მიმართ ამნისტიის აქტის გამოყენებაზე.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც დაზარალებული ფიზიკური პირის უფლებამონაცვლე გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, წინამდებარე ამნისტია გამოყენებული იქნება ამ მუხლით გათვალისწინებული პირის მიმართ, თუ აღნიშნულის შესახებ, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით, თანხმობას გამოთქვამს დაზარალებულის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი).

3. დაზარალებული იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების შესახებ, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით, თანხმობას გამოთქვამს მისი სამართალმემკვიდრე (უფლებამონაცვლე) იურიდიული პირი, ხოლო ლიკვიდაციის შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება.

მუხლი 12

გაუნახევრდეს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს: 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები; მე-200 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები; 202-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 203-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 205/1 მუხლის მე-2 ნაწილი; 208-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 210-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 214-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები; 218-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები; 237-ე მუხლის პირველი ნაწილი, 276-ე მუხლის მე-4 ნაწილი; 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 240/1 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები; 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 370-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 384-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 389-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები.

მუხლი 13

გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პირი, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 262-ე მუხლით.

მუხლი 14

გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პირი, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 263-ე მუხლით.

მუხლი 15

გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პირი, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 303-ე მუხლით.

მუხლი 16

ერთი მეოთხედით შეუმცირდეს სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის 1-15 მუხლების მოქმედება.

მუხლი 17

პირს, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დაენიშნა (დაენიშნება) დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით, ეს კანონი შეეხება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ-ცალკე.

მუხლი 18

ამ კანონით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ როგორც რეალურ სასჯელზე, ისე პირობით მსჯავრზე და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.

მუხლი 19

პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად აღუდგეს "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

მუხლი 20

ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/აღსრულებულ ჯარიმაზე ან/და ქონების ჩამორთმევაზე, ასევე "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის დაკისრებულ/გადახდილ ჯარიმაზე.

მუხლი 21

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელსაც დანაშაული ჩადენილი აქვს 2012 წლის 02 ოქტომბრამდე.

მუხლი 22

შექმნილი პოლიტიკურ-სამართლებრივი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი, ხელმძღვანელობს რა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის #1900 (2012) რეზოლუციით განსაზღვრული კრიტერიუმებით და მიიჩნევს, რომ საქართველოში დღეისათვის არსებობენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირები, ამ კანონით აცხადებს პოლიტიკურ ამნისტიას. 
გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ის პირები, რომელთაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით მინიჭებული აქვთ პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირის სტატუსი.

მუხლი 23

1. ამ კანონის 1-21 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას ბრალდებულის მიმართ, გამოძიების სტადიაზე, იღებს შესაბამისი პროკურორი.
2. ამ კანონის 1-21 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ, საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე, იღებს შესაბამისი სასამართლო. 
3. ამ კანონის 1-21 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მიმართ, დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე, იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც პატიმრობაში ან პრობაციის რეჟიმზე მყოფი მსჯავრდებულის პირად საქმეს, ამ კანონის ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში, მიაწვდის შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულება, პრობაციის ბიურო ან სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა, ხოლო ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე, ამავე ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა. სასამართლო უფლებამოსილია ამნისტიის გამოყენების საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. 
4. ამ კანონის 1-21 მუხლებით (გარდა მე-11 მუხლისა) გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს კანონის ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში. ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს კანონის ძალაში შესვლიდან ოთხი თვის ვადაში.

მუხლი 24

1. ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკური ამნისტია, პოლიტიკური ნიშნით პატიმრობაში მყოფ პირთა მიმართ, აღასრულოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარმა პროკურატურამ და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ, კანონის ძალაში შესვლიდან ერთი კვირის ვადაში. ამავე ვადაში მოხდეს ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება ან მათი სასჯელისაგან გათავისუფლება.
2. მთავარი პროკურატურა პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი ბრალდებული პირის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ, ამნისტიის ამ კანონის საფუძველზე, შუამდგომლობით მიმართავს უფლებამოსილ სასამართლოს ან ბრალდებულის თანხმობით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას, ხოლო მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ მიმართავს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

მუხლი 25

ყველა იმ პირს, ვის მიმართაც გამოყენებული იქნება ამნისტიის შესახებ ეს კანონი, უფლება აქვს, ისარგებლოს მისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით.

მუხლი 26

ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება პირს, რომლის მიმართაც გამოყენებული იქნა ამინისტია, შეუძლია გაასაჩივროს ერთჯერადად, გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან ორი კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში. სასამართლო საჩივარს განიხილავს დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, მისი წარდგენიდან ათი დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით.`

კომენტარები