კანონმდებლობა

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მოძველებულია

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა გააკრიტიკა სისტემა, რომელიც საქართველოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საპასუხოდ მოქმედებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ მოითხოვს პოლიციისგან დაკავებისთანავე განუმარტოს პიროვნებას მისი უფლებები და მიზეზები თუ რატომ აკავებენ მას. დაკავებულებს არ ეძლევათ საშუალება დაუკავშირდნენ ოჯახს, ადვოკატებს კი ექმნებათ სირთულეები გაარკვიონ სად იმყოფება მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირი.

Human Rights Watch-ის მოხსენებაში მოყვანილია 34 წლის ნოდარის მაგალითი. მოხსენების თანახმად ოპოზიციის ეს აქტივისტი საპროტესტო გამოსვლებისას პოლიციამ 2 ჯერ დააკავა, ერთხელ 2009 - წელს, მეორედ -2011-ში. ორივე შემთხვევაში დაკავებულს ბრალი წაუყენეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით , წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის. მოხსენების მიხედვით, დაკავებულისთვის არც ერთხელ არ განუმარტავთ საკუთარი უფლებები, არ მიუციათ საშუალება დაკავშირებოდა ოჯახს, 2009 წელს მას უარი უთხრეს თავად აერჩია ადვოკატი.

HRW შენიშნავს, რომ საქართველოში ზედაპირულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე სასამართლო მოსმენებიც. უფლებადამცველი ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს აღმოფხვრას მთელი ეს ხარვეზები და პირველ რიგში მოახდინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმირება, ამასთან უზრუნველყოს დროებითი დაკავების იზოლატორებში პირობები შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.

საქართველოს პარლამენტში იზიარებენ აზრს, რომ საჭიროა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის განახლება . პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ  კახა ანჯაფარიძემ განაცხადა , რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მოქმედი კოდექსი ძალიან მოძველებულია და ის შეცვლას საჭიროებს.

”ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ და ვამზადებთ თვისობრივად ახალ აქტს და არა ცვლილებებს კოდექსში,”- უთხრა სააგენტო ინტერპრესნიუსს დეპუტატმა.

 

კომენტარები