უშიშროების საბჭო

ხადური: ყოფილმა მაღალჩინოსნებმა უშიშროების საბჭოდან ასეულობით ათასი ლარი აიღეს

20 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დეპუტატებს განუცხადა, რომ მთავარი პროკურატურა ეროვნული უშიშროების საბჭოს საბიუჯეტო ხარჯებს სწავლობს.
ხადურის თქმით, უშიშროების საბჭოს წლევანდელი ბიუჯეტის დიდი ნაწილი დღემდე საიდუმლოდ რჩება. „ანუ უშიშროების საბჭომ [ეს თანხები] არ განასაჯაროვა და ჩვენ არ გვაქვს უფლება განვასაჯაროოთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, „მაგრამ მე უფლებამოსილი ვარ ვთქვა, რომ დაახლოებით 80% ამ თანხების ხმარდებოდა ე.წ. საკონსულტაციო მომსახურების შეძენას საზღვრგარეთ ანუ ლობისტური კომპანიებისათვის გადახდილი თანხებია“.
„იქ არის კიდევ სხვა ტიპის ხარჯები, რასაც სწავლობს მთავარი პროკურორი, ამ საკითხებს და ინფორმაციას შემდეგ უკვე უფრო დაწვრილებით მოგაწვდიან. მათ შორის იქ არის რამდენიმე ყოფილი ქართველი მაღალჩინოსანი, რომელსაც ასეულობით ათასი ლარი აქვს აღებული უშიშროების საბჭოს დაფინანსებიდან“, - განაცხადა ხადურმა პარლამენტის სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს უშიშროების საბჭოს ბიუჯეტიდან 24.7 მილიონი ლარი ჰქონდა გამოყოფილი. პარლამენტის მიერ დამტკიცებული საბიუჯეტო ცვლილებების თანახმად,  საბჭოს დაფინანსება მიმდინარე წელს 3.7 მილიონი ლარით შემცირდა. 2013 წელს კი ეს უწყება ბიუჯეტიდან  1.8 მლნ ლარს მიიღებს.   

კომენტარები