საბანკო სექტორი

კომერციული ბანკების ერთობლივი განცხადება

დაუშვებლად მიგვაჩნია ნებისმიერი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც მიზნად ისახავს კომერციული სტრუქტურისადმი ზიანის მიყენებას

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ამ განცხადებით ისინი 2011 წლის ნოემბერში სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონში და საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებს აკრიტიკებენ. ამ ცვლილებების მიხედვით, კომერციულმა ბანკებმა პირველადი იპოთეკარის უფლება დაკარგეს.

ნოემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, იმ შემთხვევაში, თუკი საგადასახადო ორგანოს მხრიდან ყადაღის მოთხოვნის წარმოშობის საფუძვლები წინ უსწრებდა რომელიმე კომერციული ბანკის მიერ რეგისტრირებულ იპოთეკას, პირველი რიგის იპოთეკარი საგადასახადო სამსახური ხდებოდა.

კანონის ამოქმედების შედეგად საბანკო სექტორში ყველაზე მეტად ქართუ ბანკი დაზარალდა.  ამ ბანკის კრედიტორებს დავალიანება ბანკის გარდა საგადასახადო ორგანოების წინაშეც ჰქონდათ, ამიტომ მათი ქონება აუქციონზე გავიდა, სადაც არ გაიყიდა და ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. ამის გამო ბანკის არაუზრუნველყოფილი სესხების პორტფელი 25%-მდე გაიზარდა.

"მიგვაჩნია, რომ 2011 წლის ოქტომბერში მიღებული ხსენებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა კონკრეტულად ერთ კომერციულ ბანკს, ბანკ ქართუს. ხსენებულმა საკანონმდებლო ცვლილებამ, საფრთხე შეუქმნა როგორც ფინანსური სექტორის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობას. გვსურს განვაცხადოთ, რომ დაუშვებლად მიგვაჩნია ნებისმიერი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც მიზნად ისახავს კომერციული სტრუქტურისადმი ზიანის მიყენებას, მაშინ როდესაც სწორედ სახელმწიფო უნდა იყოს კერძო სექტორის ხელშეუხებლობისა და განვითარების მთავარი გარანტი", - ნათქვამია კომერციული ბანკების ერთობლივ განცხადებაში.

ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც 17 დეკემბერს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა თქვა, რომ ბანკ ქარ­თუს გა­კოტ­რე­ბის მიზ­ნით მოქმედებდა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც პოლიტიკური თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ. შსს-ს განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, "დაზარალებული რჩებოდა ბანკი ქართუ, რომელსაც იმ დროისათვის მეწარმე სუბიექტებისათვის მიცემული ჰქონდა 59  997 000 დოლარისა  და 3  757 000  ლარის კრედიტები".

2012 წლის აპრილში ბანკებს პირველადი იპოთეკარის უფლება აღუდგათ.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-6 ნაწილი ახალი ფორმულირებით ჩამოყალიბდა: "თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე პირის ქონების მიმართ რეგისტრირებულია კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობის/ იპოთეკის უფლება და ხდება ამ ქონების რეალიზაცია, ამოღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნა საგადასახადო გირავნობის/ იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში, ხოლო შემდეგ ხდება საგადასახადო დავალიანების მოთხოვნის დაკმაყოფილება".

კომერციული ბანკების ერთობლივი განცხადების შესახებ ტაბულასთან კომენტარი საქართველოს ბანკმა გააკეთა. საქართველოს ბანკის განმარტებით, ერთობლივი განცხადების მთავარი ობიექტი ქართუ ბანკია, რომელიც კანონსა და კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა ყველაზე მეტად დააზარალა. საქართველოს ბანკის განცხადებით, წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ ვინ დაზარალდებოდა ამ ინიციატივის შედეგად, შეუძლებელი იყო, თუმცა მოგვიანებით, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებმა საკანონმდებლო ინიციატივა სადამსჯელო ბერკეტად გამოიყენეს. 2011 წლის ცვლილებების შედეგად, უმნიშვნელო ზარალი საქართველოს ბანკმაც ნახა. 

კომენტარები