ფეხბურთი

ნოემბრიდან ნოემბრამდე

თემურ ქეცბაია და საქართველოს ნაკრები

წლის 6 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და თემურ ქეცბაიას შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ხელშეკრულება ძალაში 2010 წლის 1 იანვარს შევიდა. მხარეებმა პრესკონფერენციაზევე აღნიშნეს, რომ სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობას განაგრძობდნენ. ერთი წლის შემდეგ ასეც მოხდა – 2011 წლის 13 სექტემბერს ნაკრების თავკაცმა 2+2 სისტემით ახალი კონტრაქტი გააფორმა და შედეგად, საქართველოს ნაკრებს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჯვაროსნებმა 24 მატჩი გამართეს, აქედან 9 მოიგეს, 7 ფრედ დაასრულეს, ხოლო 8 დათმეს. ამ პერიოდში, კარგი მომენტებიც მრავლად იყო და ცუდიც. ყველას გახსოვთ ხორვატიის ნაკრებთან საშინაო მატჩი, როდესაც ლევან კობიაშვილმა ჩვენს გუნდს მოულოდნელი 3 ქულა მოუტანა. ეს შესანიშნავი მოგონებაა, მაგრამ სამწუხაროდ შვებას არ იძლევა. გავიხსენოთ, როგორი იმედით შევყურებდით ჩვენი გუნდის შანსებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში, როცა ბედმა პირველი ეშელონის ნაკრებები აგვაცილა. საბერძნეთის, ხორვატიის, ისრაელისა და ლატვიის ეროვნულ გუნდებთან თამაშიც შეიძლებოდა და დიდი ხნის შემდეგ, თითქოს ევროპირველობაზე მოხვედრის იმედიც გაჩნდა.

მოკლედ, ამბიცია გვქონდა, მაგრამ რამდენად ლოგიკური? ვფიქრობ, საკმაოდ – ქეცბაიას გუნდის პირველ თუ არა, მეორე ადგილზე გასვლის წარმოდგენა რეალურად შეიძლებოდა. საბოლოოდ, მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა – ჯვაროსნებმა ჯგუფში მხოლოდ მალტის მაჩანჩალა ნაკრებს გაუსწრეს და მეხუთე ადგილს დასჯერდნენ. ლატვიის გუნდთან განცდილი საშინაო მარცხის შემდეგ, ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ლოგიკურად უნდა შევხედოთ სიტუაციას, ალბათ ამის მეტი არ შეგვიძლიაო... ეროვნული გუნდის თავკაცს თუ დავუჯერებთ, გამოდის, რომ ტყუილად გვქონია იმედები – ჩვენი სურვილები თურმე რეალობას არ ემთხვეოდა. ხსენებულ პრესკონფერენციაზე ქეცბაიას გადადგომაზეც ჰკითხეს, რაზეც მშვიდად მიუგო – ჩემი გადადგომა თუ საქმეს უშველის, სიამოვნებით წავალო. ასეა თუ ისე, 10 დღეში ფედერაციის მესვეურებმა, წარუმატებლობის მიუხედავად, ნაკრების თავკაცს ახალი კონტრაქტი შესთავაზეს და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თანამშრომლობაც გაგრძელდა.

2014 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა, შეიძლება ითქვას, ჩვენთვის შესაძლო ვარიანტებიდან ყველაზე ცუდად დასრულდა. ჯვაროსნებს მეტოქეებად მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის ნაკრების გარდა, საფრანგეთის, ფინეთისა და ბელარუსის გუნდები ერგოთ. როგორც იცით, ჯგუფიდან 2 ნაკრები გადის, შესაბამისად, ქეცბაიას გუნდისგან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას მხოლოდ ძალიან თამამ ფიქრებში თუ წარმოვიდგენთ.

ყველაფერი კი ძალიან კარგად დაიწყო: ბელარუსები თბილისში 1:0 დავამარცხეთ, ხოლო 4 დღეში მსოფლიო ჩემპიონებთან მინიმალური სხვაობით წავაგეთ. ეს შესანიშნავი საღამო იყო, ამ დღეს ქეცბაიას შეგირდების შემყურე, ალბათ ყველა ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს სიამაყის გრძნობა დაეუფლებოდა. მთელი საფეხბურთო სამყარო მასპინძელთა დიდი ანგარიშით დამარცხებას ელოდა, ქართველებმა კი 86 წუთის განმავლობაში გაუძლეს ესპანელთა შეტევებს და ცოტა იღბალიც რომ დახმარებოდათ, მსოფლიო ჩემპიონთან ქულასაც გაახერხებდნენ. დიახ, საქართველოს ნაკრები ღირსეულად დაუდგა მსოფლიო კლასის ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ გუნდს და ქეცბაიამაც თამაშის შემდეგ აღნიშნა: „შეიძლება ითქვას, ჩვენი მხრიდან დღეს ფეხბურთის თამაში არ ყოფილა, იყო მარტო თავდადება, რათა როგორმე მეტოქეს გოლი არ გაეტანა”.

უფრო მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი კი ნაკრების თავკაცის შემდეგი კომენტარი იყო: „ერთი რამ თამამად შემიძლია გითხრათ – ის, რაც დღეს ვნახე, მაძლევს საბაბს, რომ ამ შემადგენლობაზე დაყრდნობით მომავლის კარგი გუნდის ავაშენო”. ერთი წლით ადრე ლატვიის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ გაკეთებული პესიმისტური განცხადების შემდეგ, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა დაგვაიმედა, რომ სამომავლოდ საქართველოს კარგი ნაკრები ეყოლება. თუმცა კარგი ნაკრები ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის ძირითად ბადეშიც უნდა გავიდეს...

ეიფორია დიდხანს არ გაგრძელდა, ესპანეთის ნაკრებთან ნათამაშები იმედისმომცემი მატჩის შემდეგ, ჯვაროსნებმა ჰელსინკიში ფინეთის ნაკრებთან აშკარად მოსაგები შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულეს, ხოლოდ რამდენიმე დღეში ბელარუსთან სტუმრად პირწმინდად დამარცხდნენ 2:0. ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრები, ჯგუფში ოთხ თამაშში მოპოვებული ოთხი ქულით მესამე ადგილზეა. სამომავლოდ ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის რა შანსები შეიძლება ჰქონდეს, თავად განსაჯეთ – წინ გველის ორი მატჩი საფრანგეთთან, ერთი სტუმრად ესპანეთთან და ერთიც შინ ფინეთთან.

ქეცბაიას მუშაობას გულშემატკივარი არაერთგვაროვნად აფასებს. ინტერნეტსივრცეში, სხვადასხვა ფორუმებზე, კრიტიკას ნებისმიერ ადამიანზე შეხვდებით, მაგრამ ნაკრების თავკაცის მისამართით ჩამოყალიბებული პოზიცია მგონი ზოგადად საზოგადოებაშიც არ არის. ქეცბაიას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ არ იძახებს ცალკეულ ფეხბურთელებს, აკრიტიკებენ დაცვითი ტაქტიკის გამო – როგორ შეიძლება საქართველოს ნაკრების დარი ისტორიულად შემტევი სტილის მიმდევარი გუნდი დაცვით ფეხბურთს თამაშობდესო, გულშემატკივარს არ მოსწონს კონფლიქტთა სიმრავლეც, რომელიც ნაკრების თავკაცს სხვადასხვა დროს ფეხბურთელებთან მოსვლია, კითხვები ისმის ქეცბაიას ხელფასთან დაკავშირებითაც... მოკლედ, ცოტა არ იყოს, გაურკვეველი სიტუაცია იქმნება, მაგრამ ვფიქრობ, მთავარი ამოსავალი წერტილი ნებისმიერი გუნდის გულშემატკივრისთვის შედეგი უნდა იყოს.

ნაკრების მწვრთნელს ნდობა ფედერაციამ გამოუცხადა, შესაბამისად, იმ წამიდან, როცა ქეცბაია გუნდს სათავეში ჩაუდგა, მხოლოდ მისი პრეროგატივაა, თუ ვის გამოიძახებს და ვის – არა. კონტინგენტის შესაძლებლობების გათვალისწინებით, იგი თავად ირჩევს სათამაშო სტილს, ტაქტიკას, საკუთარი გემოვნებით იწუნებს ამა თუ იმ მოთამაშეს, მაგრამ საბოლოოდ შედეგზე პასუხისმგებელი, აუცილებლად თვითონ უნდა იყოს. ჩვენს შემთხვევაში კი ყველაფერი მთლად ასე არ არის.

საქმე ისაა, რომ ზემოხსენებულ 2009 წლის 6 ნოემბერს, როცა თემურ ქეცბაია პირველად წარუდგინეს მედიას, როგორც ნაკრების მომავალი თავკაცი, მან განაცხადა: „რაც შეეხება იმას, თუ როგორ ფეხბურთს ვითამაშებთ. გეტყვით, რომ ჩემთვის მთავარი შედეგია და მერე სანახაობა, რადგან ყველა მაინც შედეგს უყურებს. ვერ ვიტყვი, რომ 2, 4 ან 6 წლის მერე საქართველოს ნაკრები ფინალურ ეტაპზე გავა. ამის თქმა არასერიოზული იქნება”.

აქედან გამომდინარე, ჩვენი გუნდის მწვრთნელისთვის მთავარი შედეგია – ეს ლოგიკური და ძალიან კარგია, მაგრამ მისი სიტყვებიდან ასევე ვიგებთ, რომ ორიდან ექვს წლამდე, სოლიდური შეჯიბრების ფინალურ ეტაპზე ნაკრების გასვლა არასერიოზულად მიაჩნდა. თუმცა არის მეორე მომენტიც, ამ განცხადებიდან 3 თვეში, საქართველოს ნაკრები ფაქტობრივად „ოცნების ჯგუფში” მოხვდა, შესაბამისად, ლეგიტიმური იქნებოდა თუ არა, რომ გულშემატკივარს ნაკრების თავკაცისთვის ჯგუფიდან გასვლა მოეთხოვა, თავად განსაჯეთ. ჯგუფიდან გასვლას ვინ ჩივის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯვაროსნებმა მხოლოდ მალტის ნაკრები მოიტოვეს უკან და მეხუთე ადგილს დასჯერდნენ.

ქეცბაიამ ისიც თქვა, არ გამოვრიცხავ, თუ შედეგი არ იქნება, ერთი წლის შემდეგ ხელშეკრულება შეწყდესო. როგორც ხედავთ, ფეხბურთის ფედერაციაში ამ საკითხზე სხვა აზრი ჰქონდათ და ახალი კონტაქტიც გაფორმდა. როგორც ჩანს, ზვიად სიჭინავა შედეგით კმაყოფილი იყო, ან შეიძლება ეს მისთვის მთავარი არც იყო. ქეცბაია ფედერაციასთან პირნათელია – მას ვალდებულება არ აუღია, რომ ნაკრებს ჯგუფიდან გაიყვანდა.

მერე დაიწყო ნაკრების გაახალგაზრდავების პროცესი, გუნდში აღარ არიან ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, კახა კალაძე... ქეცბაიას თავკაცობის პერიოდში პრაქტიკა ისეთ ფეხბურთელებს აქვთ, როგორებიც არიან ჯაბა კანკავა, მურთაზ დაუშვილი, ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, დავით თარგამაძე და სხვები. გუნდი ძალიან ახალგაზრდაა, მოცემულ მომენტში მისი უხუცესი წევრი 30 წლის ალეკო ამისულაშვილია. ანუ ნაკრების მწვრთნელს ისეთი გუნდის შექმნა სურს, რომელიც ხუთი-ექვსი წელი ერთად ითამაშებს, მოუმატებს და გამარჯვებაზე შემდეგ იფიქრებს. მოგვწონს თუ არა, ასეთია თემურ ქეცბაიას ხედვა.

ჩვენი გუნდის თავკაცი საკმაოდ პრინციპული ადამიანია, ფიცხი ხასიათი აქვს და როგორც ამბობენ, სიმკაცრესაც არ უჩივის. სხვადასხვა დროს ქეცბაიას კონფლიქტი გოგიტა გოგუასთან, ზურაბ ხიზანიშვილთან და ლევან ყენიასთან ჰქონდა... სულ ახლახან, არნემის ვიტესის ფორვარდმა, გიორგი ჭანტურიამ ინტერვიუში განაწყენებულმა ისაუბრა ჯვაროსანთა დამრიგებელზე, გაუგებარი სიტუაცია შეიქმნა თორნიკე ოქრიაშვილთან დაკავშირებითაც. ბელარუსთან მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ, როცა საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, ის მწვრთნელმა შეცვალა. შემდგომში ქეცბაიამ ამის მიზეზად ოქრიაშვილის ტრავმა დაასახელა, რაც ბელარუსულ ვებგვერდთან ინტერვიუში თავად ფეხბურთელმა უარყო. მოკლედ, გაუგებრობები იყო და ეს ცუდია, თუმცა კონკრეტულ სიტუაციას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და მტყუან-მართალის გარჩევა ამ შემთხვევაში სწორად არ მიგვაჩნია.

ერთი რამ ცალსახაა – ეროვნული ნაკრები ქვეყნის სახეა და მისი წარმატება არა მხოლოდ მწვრთნელის, ფეხბურთელების მთავარი მიზანი უნდა იყოს. ქეცბაია ბევრჯერ წააწყდა პრობლემას, როცა მოთამაშეებს იძახებდა, ისინი კი გარკვეული მიზეზების გამო არ ჩამოდიოდნენ, შემდეგ კი კლუბში თამაშობდნენ. სულ ბოლო, როინ კვასხვაძის ეპიზოდი გავიხსენოთ, როცა ნაკრებში არ გამოცხადდა. დავით დევდარიანმა ჩამოუსვლელობის მიზეზად ტრავმა დაასახელა, რამდენიმე დღეში კი დანიურ ორჰუსში ითამაშა.

არ გამოვრიცხოთ, რომ ფეხბურთელებს მართლაც ჰქონდათ მიზეზები, ან ტრავმა დროზე ადრე მოიშუშეს, მაგრამ ეროვნული ნაკრები რომ ყველასთვის უმთავრესი უნდა იყოს, ამაში საკამათო არაფერია. თემურ ქეცბაია, ნაკრებში თამაშისას, თავდაუზოგავად იბრძოდა და ვერავინ გაიხსენებს მატჩს, სადაც მონდომება დაეკლოს. ამიტომ რა გასაკვირია, რომ ახლა თავის შეგირდებისგან იმავეს ითხოვს. ვფიქრობ, ეს ის შემთხვევაა, როცა თემურ ქეცბაია 100%-ით მართალია – თითოეული ფეხბურთელი ეროვნული გუნდის შეკრებაზე დროულად უნდა ცხადდებოდეს და ბოლომდე იხარჯებოდეს.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჰყავს მწვრთნელი, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია ნდობას უცხადებს. თემურ ქეცბაიას აქვს გეგმა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებით ჩამოაყალიბოს კარგი გუნდი, ოღონდ არა დღეს და არა ხვალ. ნაკრების დამრიგებელმა უკვე თქვა, ვერ ვიტყვი, რომ 2,4 ან 6 წლის მერე ჯვაროსნებს ფინალურ ეტაპზე გავიყვანო, მაგრამ ჩვენ მაინც იმედი გვაქვს. იმედი გვქონდა ყოველთვის – ქეცბაიას ფეხბურთელობის დროსაც და მისი მწვრთნელობის პერიოდშიც.

იმედი კი გვაქვს, მაგრამ შედეგის ჯერ რა მოგახსენოთ...

P.S. ევრო 2016-ზე, საფრანგეთში, 16 მონაწილის ნაცვლად 24 გუნდი ითამაშებს და ეს ჩვენი შანსია!

კომენტარები