ვიზიტი

თომას მელია: ვტოვებ საქართველოს იმ იმედით, რომ პოლიტიკოსები გამონახავენ საერთო ენას

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, თომას მელიამ ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. როგორც მელიამ განაცხადა, ეს იყო პროდუქტიული ვიზიტი, რომელიც ''ასახავდა ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულებას საქართველოს წარმატებებისადმი''.

"ჩვენ გვსურს ვიყოთ საქართველოს კარგი მეგობრები და ხელი შევუწყოთ საქართველოს დემოკრატიულ ტრანზიციას გარდამავალ პერიოდში. ქვეყანაში არის რთული კოჰაბიტაციის პერიოდი, მაგრამ ვხვდებით პატრიოტ ქართველებსაც, რომლებიც არიან პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარის წარმომადგენლები და ვფიქრობ, ისინი შეძლებენ თანამშრომლობას, რომ მდგომარეობა დასტაბილურდეს და წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება თანხვედრაში იყოს სტაბილურობასთან, ამავდროულად უზრუნველყოფდეს საქართველოს მიერ საერთაშორისო ვალდებულების შესრულებას და ადგილობრივ სიმშვიდეს. ვტოვებ საქართველოს იმ იმედით, რომ პოლიტიკოსები გამონახავენ საერთო ენას და რიტორიკა შერბილდება, რაც ხელს შეუწყობს გარდამავალი პერიოდის წარმატებულად გავლას", - განაცხადა თომას მელიამ. 

მისივე თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს სურვილს, გააუმჯობესოს ურთიერთობები მეზობლებთან და დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან.  

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ იმასთან დაკავშირებით, როგორ მოხდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება. ასევე, მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს გააუმჯობესოს ურთიერთობები მეზობლებთან", - აღნიშნა თომას მელიამ. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ საქართველოში ვიზიტი დაასრულა. თბილისიდან თომას მელია ერევანში მიემგზავრება.

 

 

კომენტარები