ვიზიტი

ქართული დელეგაცია თბილისის დღეებთან დაკავშირებით პრაღაში მიემგზავრება

ქართული დელეგაცია, თბილისის მერის, გიგი უგულავას ხელმძღვანელობით პრაღაში მიემგზავრება. ვიზიტი თბილისის დღეებს უკავშირდება, რომელსაც 22-24 აპრილს ჩეხეთის დედაქალაქი მასპინძლობს.  
 შეგახენებთ, დღეს გაზეთ ალიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ 19 აპრილს თბილისის მერი და მისი თანხმლები პირები გაქცევისთვის ემზადებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტებულია, რომ გავრცელებული ინფორმაცია ვიზიტის პოლიტიკურ დატვირთვასთან დაკავშირებით, არასწორია.
"კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ თბილისის დელეგაციის ვიზიტი პრაღაში საერთაშორისო კულტურული ღონისძიების ნაწილია, იმართება ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, არ გააჩნია რაიმე პოლიტიკური დატვირთვა და არანაირად არ უკავშირდება 19 აპრილს დაგეგმილ აქციას. თბილისის დღეები მიზნად ისახავს ჩვენი დედაქალაქის პოპულარიზაციას. დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, რათა ჩეხეთის მოქალაქეებმა უკეთ გაიცნონ თბილისი,  მისი ისტორია და უნიკალური კულტურა. თბილისი დღეების პროგრამაში შედის ანსამბლ "ქართული ხმებისა" და ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტები; თითების თეატრის ორი სპექტაკლი; მუნიციპალური მუზეუმების თემატური გამოფენა პრაღის მუნიციპალურ მუზეუმში; ასევე ძველი თბილისის რეაბილიტაციის ამსახველი ფოტოგამოფენა, რომელსაც პრაღის მერია უმასპინძლებს'', - ნათქვამია განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში, თბილისის მერი, პრაღის მერს ბოგუსლავ სვობოდას შეხვდება, რის შემდეგაც ოფიციალური მიღება გაიმართება.
ქართული დელეგაცია თბილისში 25 აპრილს დაბრუნდება.Ђ

კომენტარები