ვიზიტი

თომას მელია: ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში იქნება ინკლუზიური დემოკრატია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ თომას მელიამ, სამოქალაქო სექტორთან შეხვედრის შემდეგ, ამერიკის საელჩოში პრესკონფერენცია გამართა. 

მისი თქმით, აშშ თვალყურს ადევნებს გარდამავალ პროცესს და კოჰაბიტაციას, რომლის ტრადიციაც საქართველოში მკვიდრდება.

"ტოლერანტობა მრავალფეროვნებისადმი დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელია. იყო გარკვეული ინციდენტები, დაძაბულობა და ძალადობა რელიგიურ თუ სხვა უმცირესობებთან დაკავშირებით. ჩვენ პოზიტიკურად მივიჩნევთ პრემიერმინისტრის განცხადებას, რომელიც ეხებოდა უმცირესობების შემწყნარებლობით მიღების აუცილებლობას. ეს იმედის მომცემი განცხადებაა და ვიმედოვნებთ, რომ ამას ყველა პოლიტიკოსი გაითვალისწინებს, რადგან უმცირესობის მოსაზრებებიც მნიშვნელოვანია. ჩვენ, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია და სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებებს აღვიქვამთ ინკლუზიურ პროცესად, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორც სექსუალური, ასევე რელიგიური უმცირესობების მოსაზრებები. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში იქნება ინკლუზიური დემოკრატია", - განაცხადა თომას მელიამ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, კომენტარი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე ზეწოლის თემაზეც გააკეთა.
"ამ პროცესებს მონიტორინგს უწევს სამოქალაქო საზოგადოება და სწავლობს იუსტიციის სამინისტრო. ადგილობრივ თვითმმართველობებთან დაკავშირებული პროცესები არის ზოგადი წუხილის საგანი და ვიმედოვნებთ, რომ ამ კუთხით პროგრესი მიღწეული იქნება", - განაცხადა თომას მელიამ.

თომას მელიას ვიზიტის ფარგლებში, უკვე ჩატარებული შეხვედრების გარდა, დაგეგმილია შეხვედრები როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის - პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრთან. 

კომენტარები