Freedom House

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი მსოფლიოს ყველაზე რეპრესიულ რეჟიმებს შორის მოხვდა

Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში Worst of the Worst 2012, მსოფლიოს ყველაზე რეპრესიულ ქვეყნებსა და ტერიტორიებს შორის, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი მოხვდა.  
ანგარიშში ასევე მოხვდნენ ბელარუსი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ჩინეთი, სირია, ლიბია, საუდის არაბეთი, ჩრდილოეთ კორეა და სადავო ტერიტორიები - ტიბეტი და დასავლეთ საჰარა. 
Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიში ქვეყნებს ქულების მიხედვით აჯგუფებს. ქულების სკალა 1-დან 7-მდე არის გადანაწილებული - 1 ქულა ნიშნავს თავისუფალს, 7 ქულა კი არათავისუფალს.
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს პოლიტიკურ უფლებებში 7 ქულა აქვს მინიჭებული, სამოქალაქო თავისუფლებაში კი - 6.
ანგარიშის შედგენისას Freedom House ითვალისწინებდა პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების უგულებელყოფას, რეპრესიული და დიქტატორული რეჟიმების არსებობას, საარჩევნო თავისუფლებების არარსებობას, პრესის თავისუფლების შეზღუდვას, პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებებს, წამებას, კორუფციას, სქესობრივ უთანასწორობას, დევნას რელიგიური, კულტურული ან ეთნიკური ნიშნით.
სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ რეპრესიები იქ გამყარებულია რუსეთის გავლენით, რომლის მიზანიც სეპარატისტული რესპუბლიკის საქართველოსგან გამოყოფაა. 
Freedom House-ის კვლევაში ასევე განხილულია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და აღნიშნულია, რომ ის დაშინებისა და ძალადობის ატმოსფეროში ჩატარდა.
„ოპოზიციის კანდიდატებს დარეგისტრირების საშუალება არ მისცეს. ოპოზიციის სხვა კანდიდატებს სცემეს, ზოგიერთები დააპატიმრეს. ერთ-ერთი მათგანი კი ჩრდილოეთ ოსეთში მოკლეს. რუსეთს აქვს დომინანტური ძალაუფლება სამხრეთ ოსეთის პოლიტიკოსებზე. როგორც ამბობენ, 2011 წელს, რეგიონში საკვანძო სამთავრობო პოზიციებზე, პრემიერმინისტრის პოსტის ჩათვლით, ინიშნებოდნენ რუსები, რომელთა კანდიდატურასაც მოსკოვი იწონებდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
სამხრეთ ოსური მედიაც „ხელისუფლების“ მიერ კონტროლდება, ნათქვამია ანგარიშში. „ოპოზიციურად განწყობილ ჟურნალისტებზე კი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაშინებები ხორციელდება“.
Freedom House აღნიშნავს, რომ 2008 წლის ომში ქართული და ოსური მხარის მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად უამრავი ადგილობრივი გადაასახლეს და სამხრეთ ოსურმა ჯარებმა დაიკავეს საქართველოს მიერ კონტროლირებული სოფლები.
„ხელისუფლება ეთნიკურ ქართველებს სამხრეთ ოსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაბრუნების უფლებას იმ შემთხვევაში აძლევს, თუ ისინი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს იტყვიან და რუსულ პასპორტებს აიღებენ“, - ნათქვამია Freedom House-ის ანგარიშში.

კომენტარები