Freedom House

Freedom House-ის ანგარიშში საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი გაუარესებულია

Freedom House-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი გაუარესებულია. ამერიკული ორგანიზაციის ეს ანგარიში არის ყოველწლიური და მასში ფასდება აზიისა და ევროპის 29 ქვეყანა, რომელიც გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოთა რიცხვს მიაკუთვნებენ. 

შეფასების შკალა 1-დან 7-მდეა, სადაც 7 დემოკრატიული პროგრესის უმაღლესი მაჩვენებელია.

საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 3.18-დან 3.07-მდე დაეცა.

დემოკრატიის მაჩვენებელი ფასდება რამდენიმე კრიტერიუმით: ეროვნულ-დემოკრატიული მმართველობა, საარჩევნო პროცესი, დამოუკიდებელი მედია, სამოქალაქო საზოგადოება, სასამართლოს დამოუკიდებლობა და კორუფცია.

წინა წლის ანგარიშთან შედარებით, გაუარესებულია ეროვნულ-დემოკრატიული მმართველობის პროცესი, სამოქალაქო საზოგადოების რეიტინგი და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა.

ეროვნულ-დემოკრატიული მმართველობის პროცესის შეფასებამ 2.5-დან 2.25-მდე დაიწია, რის მიზეზადაც 19 აპრილის შეთანხმების ჩაშლა და მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ქმედებების შედეგად პოლიტიკური კრიზისის გაუარესება სახელდება.

სამოქალაქო საზოგადოების რეიტინგი 4.25-დან 4-მდე ჩამოვიდა. მიზეზად სახელდება 5 ივლისის მოვლენები, ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა.

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა 2.75-დან 2.5-ზე არის ჩამოსული. მიზეზად დასახელებულია საქმეები, რომლებიც ოპოზიციის ლიდერებს ეხება, ასევე მთავრობის მიერ მიზნად დასახული რეფორმების შეუსრულებლობა.

კომენტარები