შეხვედრა

ზურაბ აბაშიძის „კომუნიკაციების ახალი არხი“ რუსეთთან

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე ევროპაში რუს დიპლომატებს „არაფორმალურ“ ფორმატში შეხვდება. ამის შესახებ თავად ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის „კომუნიკაციების ახალი არხის“ დაწყების პირობები უნდა შეათანხმოს.

აბაშიძემ 10 დეკემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრა შესაძლოა გაიმართოს შვეიცარიაში – ქვეყანაში, რომელიც ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავლის როლს ასრულებს.

აბაშიძეს შეხვედრის თარიღი არ დაუკონკრეტებია: მან განაცხადა, რომ შეხვედრა „უახლოეს მომავალში“ გაიმართება. 10 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემაც განაცხადა, რომ შეხვედრა შესაძლოა „ამ კვირის განმავლობაში“ შედგეს.

აბაშიძემ აღნიშნა, რომ დაგეგმილ არაფორმალურ შეხვედრაზე იგი შესაძლოა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შეხვდეს.

გრიგორი კარასინი რუსული მხარის წარმომადგენელია ჟენევის დისკუსიებზე, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო და რომელშიც ასევე მონაწილეობენ საქართველოს და აშშ-ის, ასევე ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები.

აბაშიძე ჟენევის დისკუსიებზე ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არ იქნება. თუმცა, მან გაიმეორა თბილისის პოზიცია, რომ ჟენევის ფორმატი უნდა შენარჩუნდეს, როგორც ცალკე ფორმატი „კომუნიკაციის ახალი არხის“ პარალელურად: „ჩვენი ხედვით, საუბარი უნდა იყოს კომუნიკაციის ახალ ფორმატზე, პოლიტიკური დიალოგის სრულიად ახალ, დამოუკიდებელ არხზე; ასე რომ, ჟენევის შეხვედრასთან ამას კავშირი არ ექნება“.       

ჟენევის მოლაპარაკებების 22-ე რაუნდი 12 დეკემბერს იგეგმება. 

კარასინმა საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან შესაძლო შეხვედრა არ გამორიცხა. მან 10 დეკემბერს საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტის განუცხადა: „მეც არ გამოვრიცხავ, რომ შეხვედრა მიმდინარე კვირას გაიმართება... მოხარული ვიქნებით მასთან საუბარი გავმართოთ ამ რანგში“.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, შეხვედრის დაგეგმვაში შუამავლები არ მონაწილეობენ. მისი თქმით, შეხვედრას ტექნიკური ხასიათი ექნება, „უფრო საორგანიზაციო განხილვა იქნება იმისა, თუ როგორ უნდა წარიმართოს შესაძლო დიალოგი მომავალში“.

მისივე თქმით, თუ მიღწეული იქნება პრინციპული შეთანხმება „კომუნიკაციის ახალი არხის“ დაწყებაზე, მხარეები უამრავ ტექნიკურ საკითხზე უნდა შეთანხმდნენ: „ჯერ ჩვენ პრინციპში არ გადაგვიწყვეტია, რომ ეს ფორმატი ამოქმედდება, თუმცა ეს შეხვედრა იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთის მხარე ინტერესით მოეკიდა ამ ჩვენს ინიციატივას“.

ერთი დღით ადრე, 9 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „უახლოეს მომავალში“ ზურაბ აბაშიძესთან „კონტაქტები“ იგეგმება იმ კონტექსტის გასარკვევად, რომელშიც თბილისი მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობს.

„ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს, ამას გავაცნობთ და ვნახოთ რამდენად მისაღები იქნება რუსეთის მხარისთვის ასეთი ხედვა“, – განაცხადა აბაშიძემ.

მისი თქმით, დიალოგი წინაპირობების გარეშე უნდა დაიწყოს.

„ქართული მხარე არ აყენებს არანაირ წინაპირობას და ჩვენც ველით, რომ რუსეთის მხრიდანაც არ იქნება არანაირი წინაპირობები. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ბატონი ლავროვის განცხადება, რაც ალბათ იმაზე მიუთითებს, რომ ასეთი მიდგომა რუსული მხარისთვისაც მისაღებია“, – განაცხადა აბაშიძემ.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში თავის სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძე – რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი – პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 1 ნოემბერს დანიშნა.

კომენტარები