დაჭერები

უკრაინის სასამართლომ ოლეგ მელნიკოვს 40-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

უკრაინული მედია უკრაინის შს სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს, ოლეგ მელნიკოვს, უკრაინის, კერძოდ კიევის დარნიცკის რაიონულმა სასამართლომ 40-დღიანი პატიმრობა შეუფარდა და სწორედ ამ დროის განმავლობაში იქნება განხილული მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხიც.

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი, რომელზეც ქართულ მხარეს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, კიევში 7 დეკემბერს დააკავეს. 

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს, დათა ახალაიას, აგრეთვე, სოსო თოფურიძეს, გერონტი ალანიასა და ოლეგ მელნიკოვს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 დეკემბერს დაუსწრებლად შეუფარდა. არცერთი ბრალდებული საქართველოში არ იმყოფება. ბრალდების მხარის ინფორმაციით, დათა ახალაიამ და სოსო თოფურიძემ 2012 წლის 5 ოქტომბერს დატოვეს საქართველო, ალანიამ - 22 ოქტომბერს, ხოლო მელნიკოვმა 2010 წლის 2 დეკემბერს და მას შემდეგ ქვეყნის საზღვრები არ გადმოულახავთ. 
მოსამართლის გადაწყვეტილებით, წინა სასამართლო სხდომა 2013 წლის 16 იანვრისთვის ჩაინიშნა. 

კომენტარები