დაჭერები

ვანო მერაბიშვილის ბიძა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

შპს ტაოს ხელმძღვანელი და  ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის ბიძა ლევან თუმანიშვილი ახალციხის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. 
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, თუმანიშვილი გუშინ საღამოს შეუძლოდ გახდა. 
 ექიმი გივი მაისურაძე აცხადებს, რომ პაციენტს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი მოშლა აღენიშნება.
"ის უკვე გასინჯეს კარდიოლოგმა და ნევროპათოლოგმა, რომლებმაც დამატებითი გამოკვლევები მიიჩნიეს საჭიროდ", - აღნიშნა გივი მაისურაძემ.
დაკავებულის ადვოკატის, მამუკა მდინარაძის განცხადებით კი, თუმანიშვილს ბრალი უკვე წაუყენეს, ხოლო დღეს აღმკვეთ ღონისძიებას შეუფარდებენ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ლევან თუმანიშვილი 14 დეკემბერს დააკავეს. 
მანამდე კი, თუმანიშვილი ტყით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების შესრულების კანონიერების, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და, ასევე, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე მოწმის სტატუსით დაკითხეს.

კომენტარები