დაჭერები

თენგიზ გუნავა ისევ დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი  ორსაათიანი დაკითხვის შემდეგ ისევ დააკავეს. მას გამოძიება ამჯერად სამი ათასი ლიტრი ბენზინის მითვისებას ედავება. გუნავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით და 182-ე მუხლით წაუყენეს. 

გუნავა პროკურატურაში დღეს 17:00 საათზე, ადვოკატის გარეშე მივიდა. დაკითხვაზე შესვლამდე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ იცოდა, კონკრეტულად რასთან დაკავშირებით დაიბარეს: „ეცადნენ, რომ დავეკავებინე ნარკოტიკული საშუალების ჩადებით და იარაღით, ეს არ გამოუვიდათ და ალბათ ეძებენ სხვა რაღაცას. ხუთ საათზე ვარ დაბარებული და მივალ, როგორც ჩვეულებრივი მოწმე ჯერჯერობით“.

აკაკი მინაშვილის განცხადებით, გუნავას დაპატიმრება შერჩევითი მართლმსაჯულებაა. მას მიაჩნია, რომ გუნავას მისამართით განხორცილებულ უკანონობას, როდესაც მას ნარკოტიკი და იარაღი ჩაუდეს, კიდევ ერთი უკანონობა დაემატა.

შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი პირველად 15 ნოემბერს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დააკავეს. მას ბრალად იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება და ასევე ნარკოტიული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ედება. თენგიზ გუნავა დანაშაულს უარყოფს. საქალაქო სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

 

კომენტარები