დაჭერები

ბორჯომის პოლიციის თანამშრომლები დააკავეს

სამართალდამცავებმა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი მამუკა ხვედელიანი დააკავეს. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხვედელიანს გამოძიება მოქალაქეების მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ედავება. შსს-მ გამოაქვეყნა დაზარალებულის ჩვენება, სადაც ნათქვამია, რომ 2012 წლის 22 ნოემბერს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მას ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა მიაყენეს, ღირსებისთვის შეურაცხმყოფელი ფოტოები გადაუღეს და გამოქვეყნებით დაემუქრნენ.  

"დაზარალებულს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უფროსი მამუკა ხვედელიანი, ამავე სამმართველოს თანამშრომლები: გიორგი ბლიაძე, ალექსანდრე ბლიაძე, სერგო სამსონიძე და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელი პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი. ცემის პროცესში ალექსანდრე ბლიაძემ ვ. გ-ს მარცხენა ყურზე დაადო ანთებული სიგარეტი და აიძულებდა ეთქვა სიმართლე ბაკურიანში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით. ცემის პროცესში პოლიციის უფროსის, მამუკა ხვედელიანის ბრძანებით, ორმა პოლიციელმა დაზარალებულს გადაუგრიხა ხელები, გადახარეს იგი მაგიდაზე, ძალის გამოყენებით ჩახადეს შარვალი და პოლიციის თანამშრომლებმა უკანალზე მიადეს პოლიეთილენის ბოთლი, ხოლო პოლიციის უფროსის მ. ხვედელიანის დავალებით, პოლიციის თანამშრომელმა ს.ს-მ თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონის მეშვეობით გადაუღო რამდენიმე სურათი ამ მდგომარეობაში მყოფ ვ. გ-ს. აღნიშნულის შემდეგ გიორგი ბლიაძემ აიღო ოთახში არსებული ოთხფეხა სკამი და ერთ-ერთი ფეხი ძალის გამოყენებით შეუყვანა უკანა ტანში, ს.ს. ამ მომენტშიც იღებდა ფოტოებს მ. ხვედელიანის დავალებით. სურათების გადაღების შემდეგ პოლიციელები დაემუქრნენ ვ.გ-ს, რომ გადაღებულ სურათებს გამოაქვეყნებდნენ დაბა ბაკურიანში სარეკლამო აბრაზე. ამის შემდეგ ბორჯომის პოლიციის თანამშრომლებმა კვლავ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ვ. გ-ს, გადაიყვანეს იგი სხვა ოთახში და ამყოფეს იქ დილამდე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

ბორჯომის პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ საქმეში, გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და სრულად დაადასტურა მომხდარი. 

"მამუკა ხვედელიანი წლების განმავლობაში მუშაობდა ბორჯომის შს სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით დაკავებული პირებისადმი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მამუკა ხვედელიანი იყო წარდგენილი მაჟორიტარ დეპუტატად ნაციონალური მოძრაობიდან ბორჯომის მაჟორიტარულ ოლქში", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები