პარლამენტმა ახალ სახალხო დამცველად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი უჩა ნანუაშვილი დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო უმცირესობამ.
ნანუაშვილმა მოსმენისას დეპუტატებს განუცხადა, რომ არჩევის შემთხვევაში, ის სახალხო დამცველის აპარატს და პრევენციის ეროვნულ მექანიზმს უფრო ეფექტიანს გახდის, გააძლიერებს რეგიონულ ორგანიზაციებს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ტოლერანტობის კულტურის გაზრდას.
გუშინ, 6 დეკემბერს, ნანუაშვილს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები შეხვდნენ და სხვადასხვა თემებზე დაუსვეს კითხვები. უკანასკნელ დაპატიმრებებთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ მათი პოლიტიკურად მოტივირებულობის შესახებ დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა და ამ საკითხს შეისწავლის. მისი აზრით, კითხვის ნიშნები ჩნდება შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას საქმეში.
ნანუაშვილმა ისაუბრა თავის კავშირზეც ქართულ ოცნებასთან. განმარტა, რომ საზოგადოებრივ მოძრაობა ქართულ ოცნებაში ის მხოლოდ მიწვეული ექსპერტი იყო და ამაში ანაზღაურება არ აუღია.
მოსმენისას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა მას ბოდიშის მოხდის კამპანიის შესახებაც ჰკითხეს. ეს კამპანია ადამიანის უფლებათა ცენტრმა, რომელსაც ნანუაშვილი ხელმძღვანელობს, 2007 წელს დაიწყო. კამპანიის ფარგლებში ის ამტკიცებდა, რომ ბოდიში უნდა მოეხადა ქართულ მხარეს, რადგან მისმა შეცდომებმა 90-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი გამოიწვია.
ნანუაშვილმა კვლავ გაიმეორა, რომ ქართულმა სახელმწიფომ ბოდიში უნდა მოუხადოს აფხაზებს და ოსებს, რადგან ვერ უზრუნველყო მათი უფლებების დაცვა და ისინი საკუთარი სახლებიდან გამოაძევეს. მისი თქმით, პასუხისმგებლობის აღება სიძლიერეზე მიუთითებს. ნანუაშვილმა ასევე დაამატა, რომ ეს არ არის კონფლიქტი მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს შორის, არამედ ეს არის ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტიც.
ნანუაშვილმა ახალი მთავრობაც გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან შესაბამისი რეაგირება ვერ მოახდინა სოფელ ნიგვზიანში გასულ თვეში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ კონფლიქტზე.




