დაკავება

ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გავრცელდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. პროკურატურის ცნობით, დაკავებულ პირებს ადამიანის დევნისა და ხულიგნობა ედებათ ბრალად, ხოლო ერედვის მუნიციპალიტეტის უფროს სპეციალისტზე, ბესიკ კახნიაშვილზე ძებნა გამოცხადდება. 

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, 2012 წლის 16 სექტემბერს, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები გორის რაიონის სოფელ დიცში, ე.წ. ბირჟაზე მივიდნენ და ადგილობრივ მოსახლეებზე ზეწოლა მოახდინეს.

''მანქანაში ისხდნენ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები, ერედვის მუნიციპალიტეტის უფროსი სპეციალისტი ბესიკ კახნიაშვილი, ამავე მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსი სპეციალისტი ჯანგირ მჭედლიშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსი გოგიტა გოჩაშვილი და სოციალური სამსახურის განყოფილების უფროსი ლევან მაისურაძე. ისინი გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და ზ. ნ-ს მოსთხოვეს გაეხადა და ფეხით შემდგარიყო კოალიცია "ქართული ოცნების" ლოგოიან მაისურზე. უარის მიღების შემდგომ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ზ.ნ-ს და ცდილობდნენ ფიზიკურად გასწორებოდნენ მას. ამ უკანასკნელმა მოახერხა თავის დაღწევა და მიიმალა იქვე არსებული მაღაზიის უკან. კახნიაშვილი, მჭედლიშვილი, გოჩაშვილი და მაისურაძე ცინიკური ტონითა და ყვირილით მიმართავდნენ სოფლის მოსახლეობას, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რადგან მათ სამი დღით ადრე მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული კოალიციის აქციაში", - აღნიშნულია განცახდებაში.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ''პოლიტიკურად მოტივირებულმა'' აქტივისტებმა ''ყოველგვარი მოტივისა და მიზეზის გარეშე'' სცემეს ადგილობრივ მოსახლეებს, რომლებიც მათ დაწყნარებას ცდილობდნენ.

"თავდამსხმელებმა ჩაამტვრიეს იქვე მდგომი ხ. ს-ს ავტომანქანის მინა. ნაცემმა პირებმა ისარგებლეს შექმნილი პაუზით და თავი შეაფარეს ერთ-ერთ ბინას, ხოლო თავდამსხმელები ყვირილითა და გინებით ცდილობდნენ სახლის შესასვლელი კარის შემტვრევას. ამ დროისთვის სახლში იმყოფებოდა 2 წლის ბავშვი. შეშინებულმა ატეხა ისტერიკული ტირილი. შეიქმნა პანიკური სიტუაცია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სახლში შეკეტილი პირები დაუკავშირდნენ პოლიციას, აცნობეს მომხდარის შესახებ და ითხოვეს დახმარება. პოლიციის მისვლისას ვითარება უკვე განმუხტული იყო", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები