"ოქტომბრის დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნებით საქართველომ მნიშვნელოვანი ტესტი ჩააბარა, მაგრამ NATO მოუთმენლად ელის "მშვიდობიან თანაარსებობას" პრეზიდენტ სააკაშვილსა და ახალ მთავრობას შორის პრემიერმინისტრ ივანიშვილის ხელმძღვანელობით", - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა NATO-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე.
რასმუსენის თქმით, ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ სტანდარტებს შეესაბამებოდა და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები მორიგი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება. "მოუთმენლად ველით, რომ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები ისევე დემოკრატიულად ჩატარდება, როგორც წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები", - განაცხადა რასმუსენმა.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა ყველა პოლიტიკურ ძალას ერთად მუშაობისკენ მოუწოდა, "რათა აღებული სიჩქარე შეინარჩუნონ".
"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, კოჰაბიტაცია მოქმედი გამოდგეს, შეძლონ საჭირო რეფორმების გატარება და მიაღწიონ დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს, მათ შორის კანონის უზენაესობისადმი და კონსტიტუციისადმი სრულ პატივისცემას. ეს ყველაფერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის და საქართველოს მომავლისთვის, როგორც სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნისა ჩვენს ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში, იქ, სადაც მისი ადგილია", - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.





