ვიზიტი

ჯორჯ სოროსი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

ღია საზოგადოების ფონდების დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი თბილისშია. სოროსი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს თავის ბიზნეს ცენტრში შეხვდა.  შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც ესწრებოდა.

„ბიძინა ივანიშვილმა და ჯორჯ სოროსმა საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების თაობაზე ისაუბრეს, ასევე დაიგეგმა მსოფლიოში წამყვანი ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა დავოსში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრება“, – ნათქვამია ივანიშვილის პრესსამსახურის განცხადებაში, რომელიც შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, 28 ნოემბერს, ფონდმა ღია საზოგადოება - საქართველომ, რომელიც სოროსის ღია საზოგადოების ფონდების ქსელის წევრია, სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც არ გამორიცხა, რომ ახალი პოლიტიკური რეალობის გაცნობის მიზნით, ჯორჯ სოროსი პოლიტიკურ ლიდერებსაც შეხვედროდა.

იმავე განცხადებაში, ფონდმა პასუხი გასცა ზოგიერთ  მედიასაშუალებაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ სოროსი ნაციონალური მოძრაობის დაფინანსებას გეგმავდა. „ჯორჯ სოროსი და ფონდი  ღია საზოგადოება-საქართველო არ აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს და მათ საქმიანობას საქართველოში“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

კომენტარები