ჰილარი კლინტონისა და მაია ფანჯიკიძის შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვიქტორია ნულანდმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ეს „ძალიან კარგი შეხვედრა“ იყო. მისი თქმით, განხილულ საკითხებს შორის იყო საქართველოს ახალი მთავრობის მზადყოფნა "საგარეო პოლიტიკაში უწყვეტობის თაობაზე", მათ შორის საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციისა და ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობის შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ აშშ „ძალიან მოხარულია“, როცა ისმენს, რომ ახალი მთავრობა საგარეო პოლიტიკაში უწყვეტობის ერთგულია.
„სახელმწიფო მდივანმა ნათლად გამოხატა ჩვენი მოლოდინები კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. სახელმწიფო მდივანმა ძალიან ნათლად თქვა თავის საჯარო განცხადებებში, რომ ეს არის ის საკითხი, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა აკვირდება და რასაც საქართველოსადმი ჩვენი მხარდაჭერა ეფუძნება – ეს არის დემოკრატიული ღირებულებები, რაც ჩვენ საერთო გვაქვს და რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოსადმი ჩვენი მხარდაჭერისთვის; ამ მხრივ კანონის უზენაესობა საკვანძო საკითხია“, – განაცხადა ნულანდმა, როდესაც მას საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებებზე ჰკითხეს.