ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. საქართველოს ნაწილში დეპარტამენტი წერს, რომ "2015 წლის მანძილზე ხელისუფლება განაგრძობდა ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივ დევნას - თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჩადენილი დანაშაულის ფართო სპექტრის ბრალდებებით". როგორც დეპარტამენტი აღნიშნავს, OSCE/ODIHR-ის მონიტორინგმა, რომელიც 14 სასამართლო პროცესს აკვირდებოდა, 2014 წლის დეკემბრის ანგარიშში დაასკვნა, რომ სისტემური ხარვეზები სისხლის სამართლის სისტემაში სამართლიანი სასამართლოს არსებობას ხელს უშლიდა.
"ადგილობრივი სამართლის სფეროს დამკვირვებლები უფრო ტიპურ შემთხვევებზე ამახვილებენ ყურადღებას. რამდენიმე ათეულ ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალად ედება უფლებამოსილების გადამეტება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშის თანახმად, მოსამართლეები, როგორც წესი, იყენებდნენ უფრო მაღალი დონის სტანდარტებს პროკურორების მოთხოვნებზე სატელეფონო ჩანაწერების მოპოვებასთან, საცხოვრებელ ადგილის ძიებასთან და სასამართლო პროცესამდე ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით.
არასამთავრობო ორგანიზაციები და სამართლის სფეროში მონიტორინგის ჯგუფები სასამართლო პროცესების გაჭიანურებაზე საუბრობდნენ. სისხლის სამართლის საქმეები ხშირ შემთხვევაში იწელებოდა ან გაურკვეველი ვადით გადაიდებოდა ცხრათვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლის მიუხედავად. კანონი არ განსაზღვრავს გამოძიების და სასამართლო პროცესების ჩატარების მაქსიმალურ პერიოდს, ის მხოლოდ განსაზღვრავს, რომ ეს უნდა მოხდეს გონივრულ ვადაში. საერთაშორისო გამჭვირვალობის მიხედვით, სასამართლოები ყოველთვის არ იცავენ ამ სტანდარტს, მაგალითისთვის, თბილისის ყოფილი მერის სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 2 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა, ის 2013 წელს დააკავეს" - წერს სახელმწიფო დეპარტამენტი.
გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, "ოპოზიციური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და პატიმრების ოჯახის წევრები მიუთითებდნენ, რომ დაკავებულები ხელისუფლების პოლიტიკური პატიმრები იყვნენ. მათ შორის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, თბილისის მერი და ქუთაისის პარლამენტში დეპუტატზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები".
"ხელისუფლებამ ნება დართო საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებ, ციხეში მოენახულებინათ ის დაკავებულები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ პოლიტიკური პატიმრები იყვნენ" - წერს სახელმწიფო დეპარტამენტი და აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის აპარატმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს ხელისუფლება რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის სამი მონაწილის დაკავებისთვის.
"ამ უკანასკნელებმა თითქოსდა შეურაცხყოფა მიაყენეს ქართული ოცნების დეპუტატს. ისინი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. 11 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში წინასწარი პატიმრობის ეს ფაქტი მოიხსენიეს, როგორც პოლიტიკური მიზნებით მოტივირებული შერჩევითი სამართლის მაგალითი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეადარეს ხელისუფლების ორი წინააღმდეგობრივი მიდგომა. ერთის მხრივ, ეს არის რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქტივისტების დაკავება და წინასწარი პატიმრობის შეფარდება, მეორეს მხრივ კი, ხელისუფლების უმოქმედობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დაცვასა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თავდასხმაზე, რომელშიც დამნაშავე მანიფესტანტები ჯარიმის გადახდისა და სიტყვიერი გაფრთხილების შემდგომ გაათავისუფლეს" - ნათქვამია ანგარიშში.