ქეთრინ ეშტონი

ეშტონი: დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ახალი მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტრუქციულ ურთიერთობას

"ინტერესით ველოდები საქართველოს პრემიერსა და პრეზიდენტთან შეხვედრას თბილისში, რათა მათთან ერთად უზრუნველვყოთ შემდგომი წინსვლა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელოვან საკითხებში", - საქართველოში ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე ასეთი განცხადება გააკეთა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ქეთრინ ეშტონმა.
მისივე თქმით, "თანამშრომლობა ფართოა და ბევრი რამ უნდა განვიხილოთ, მათ შორის, მიმდინარე პროგრესი ასოცირებული შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების საკითხებში". 

ეშტონმა ასევე ისაუბრა ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე და მის შემდგომ მიმდინარე მოვლენებზე. 

"კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ქართველ ხალხს ბოლო საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება. ასევე, მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, თუ რა დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ახალი მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტრუქციულ თანამშრომლობას. საქართველოს შეუძლია, ამ მხრივ ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის მიუკერძოებელი გამოყენების აუცილებლობას, ღირებულებებისა, რომელიც საერთოა საქართველოსა და ევროკავშირისათვის". 

კომენტარები