ქეთრინ ეშტონი

ქეთრინ ეშტონი: ბიძინა ივანიშვილმა საგარეო პოლიტიკის გამოწვევებზეც უნდა იფიქროს

რადიო თავისუფლებამ ევროკავშირის უმაღლეს კომისართან უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ქეთრინ ეშტონთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის საქართველოში მიმდინარე პროცესებზეც საუბრობს. 

"საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საგარეო პოლიტიკის გამოწვევებზეც უნდა იფიქროს", - განაცხადა ქეთრინ ეშტონმა. 

მან კომენტარი გააკეთა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, კერძოდ, პოლიტიკური ფიგურების დაპატიმრებაზეც. 

"ჩვენ მოწმე გავხდით დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, რომელიც საქართველომ მიიღო, ასე ვთქვათ, დემოკრატიული ტრანზიციის. მე ვეტყვი პრემიერ ივანიშვილს - ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ამდენ ძალისხმევას ახმარს ქვეყნის წინაშე მდგარი ეკონომიკური გამოწვევების გადალახვას და, რომ მას სჭირდება, ასევე, იფიქროს ქვეყნის წინაშე მდგარ საგარეო პოლიტიკის ზოგ გამოწვევებზეც. ამასთანავე, მან უნდა უზრუნველყოს, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებს, განსაკუთრებით მართლმსაჯულების კუთხით, გაკეთდეს ღიად და გამჭვირვალედ. ასევე ვეტყვი პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ მისი მემკვიდრეობა უკვე იგრძნობა საქართველოში და მნიშვნელოვანია, მან გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა ახალ მთავრობასთან. მნიშვნელოვანია, მან უბიძგოს საქართველოს წინსვლისაკენ იმ საკითხებში, რომელთა რწმენაც მას აქვს, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით, ურთიერთობისა, რომელიც, მე მჯერა, როგორც ჩვენთვის, ისე ქართველებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა ეშტონმა.
ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ქეთრინ ეშტონი, ცენტრალურ აზიაში დიპლომატიური ტურის დაწყებამდე, საქართველოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ის პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.

კომენტარები