იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტრო ყველა მსჯავრდებულისთვის პირობითი სასჯელის მოხსნას არ ეთანხმება

პირობითი სასჯელისგან ყველა მსჯავრდებულის გათავისუფლების ინიციატივას იუსტიციის სამინისტრო არ იზიარებს და პარლამენტს პირობითი სასჯელის პრევენციული მნიშვნელობის გათვალისწინებას ურჩევს. ამის შესახებ წერილობითი რეკომენტაცია სამინისტრომ პარლამენტს უკვე გაუგზავნა. 

"იუსტიციის სამინისტროს შენიშვნები "სისხლის სამართლის კოდექსის" ცალკეულ მუხლებს და პირობით სასჯელებთან დაკავშირებულ ჩანაწერს ეხება. კანონპროექტის თანახმად, პირობითი სასჯელისგან გათავისუფლება ყველას ეხება. იუსტიციის სამინისტრო კი მიიჩნევს, რომ პირობით სასჯელს თავისი პრევენციული მნიშვნელობა გააჩნია და ყველა მსჯავრდებულთან მიმართებაში პირობითი სასჯელის მოხსნა მიზაშეწონილი არ იქნება. ციხეში მყოფ საკმაოდ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პატიმრებს რეალურ სასჯელთან ერთად, პირობითიც აქვთ მისჯილი და არსებობს პოზიცია, თუ რატომ უნდა მოეხსნათ ასეთ პატიმრებს პირობითი სასჯელი. ადამიანი, რომელსაც პირობითი სასჯელი აქვს უფრო ფრთხილია, ვიდრე ის, ვისაც არ აქვს," განუცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გედევან ფოფხაძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს.  

ფოფხაძის თქმით, კანონპროექტში აუცილებლად დარჩება ნასამართლეობის მოხსნის შესახებ ნაწილი. ამასთან ერთად, მისი თქმით, კომიტეტი იმაზეც მუშაობს, რომ პატიმრებს, რომელთაც ეს კანონი შეეხება, პოლიციაში, საექიმო სფეროში და საჯარო სამსახურში მუშაობაც შეეძლოთ. 

კანონპროექტის განხილვას პარლამენტი მომავალი კვირიდან გააგრძელებს.

კომენტარები