გუნავას საქმე

მინაშვილის დაკითხვა დასრულდა

საპარლამენტო უმცირესობის წევრ აკაკი მინაშვილს, შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავას საჩივართან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში 7 საათის განმავლობაში მოწმის სტატუსით კითხავდნენ.

როგორც დაკითხვიდან გამოსულმა მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას ობიექტური გამოძიების იმედი არ მაქვს. "დეტალურად გამოიკითხეს ყველაფერი, ჩვენებები მიღებულია, თუმცა, გამომდინარე პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადებიდან, რომელშიც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის დემოკრატიულ ინსტიტუტებს მიიჩნევს როგორც ჩვენი პარტნიორების კაპრიზს და არა კეთილდღეობის გარანტს, თითოეული მოქალაქე, მათ შორის მინისტრები კი ჭანჭიკი ჰგონია, საქმესთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი არ მაქვს", - აღნიშნა მინაშვილმა.

მისივე თქმით, სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ. "უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ეს ჩაიდინა და ვინც თენგიზ გუნავას იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდო", - დასძინა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილმა უფროსმა თენგიზ გუნავამ მის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებთან  - იარაღისა და ნარკოტიკის ჩადებასთან, დაკავშირებით მთავარ პროკურატურას სარჩელით გასულ კვირას მიმართა. თენგიზ გუნავა იარაღის უკანონო შენახვასა და ნარკოტიკებთან დაკავშირებით იყო დაკავებული. ამ საქმეზე აკაკი მინაშვილის დაკითხვა დღეს, 14:00 საათიდან მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, როგორც მინაშვილი აცხადებდა, გუნავას დაკავებას მას შემდეგ მოხდა, რაც მინაშვილმა იგი სახლამდე მანქანით მიაცილა.

კომენტარები