მუსიკა

2013 წელს ჯიმი ჰენდრიქსის ახალი ალბომი გამოვა

როგორც Rolling Stone იტყობინება, 2013 წლის 5 მარტს ჯიმი ჰენდრიქსის ახალი ალბომი, People, Hell and Angels გამოვა, რომელშიც თორმეტი აქამდე უცნობი სიმღერა შევა.

კომპოზიციები 1968 და 1969 წლებში დაიწერა, სტუდიური ალბომის Electric Ladyland გამოსვლის შემდეგ. ჰენდრიქსი ფიქრობდა, რომ ისინი შემდეგ ალბომში, First Rays of the New Rising Sun, შევიდოდა. საინტერესოა, რომ ჰენდრიქსი სიმღერებზე დამოუკიდებლად მუშაობდა, The Jimi Hendrix Experience-ის წევრების გარეშე. 

ჯიმი ჰენდრიქსი 1970 წელს, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა და თავის სიცოცხლეში სულ სამი სტუდიური ალბომის ჩაწერა მოასწრო. მისი სიკვდილის შემდეგ სიმღერების რამდენიმე კრებული გამოვიდა, რომლებშიც მანამდე უცნობი კომპოზიციებიც შევიდა. 

ჯიმი ჰენდრიქსის სამოცდაათი წლის იუბილესთან დაკავშირებით, მომავალ კვირას დიდი ბრიტანეთის კინოთეატრების ეკრანებზე 1969 წელს გადაღებული ვუდსტოკის ფილმიც გამოვა.

 

 

კომენტარები