განცხადება

გიგა ბოკერია: ეს გზა ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას

უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია 22 ნოემბერს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციას გამოეხმაურა. მისი აზრით, ეს იყო უაღრესად საგანგაშო სიგნალი ქვეყნის დემოკრატიისთვის. ბოკერიას აზრით, ამაზე პრესკონფერენციის რამდენიმე გზავნილი მიუთითებს: პოლიტიკურად მოტივირებული დაჭერები, ე.წ. პოლიტპატიმრების სია და ღიად გაცხადებული პოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ. მისი აზრით, ეს გზავნილები საფრთხეს უქმნის როგორც დემოკრატიას, ისე ქვეყნის უსაფრთხოებას და, საბოლოო ჯამში, სუვერენიტეტს.

„ის, რაც დღეს ჩვენ გვესმოდა, იყო პირდაპირი მითითება, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენების ერთ-ერთი მიზეზი, მოტივი და გამომწვევი არის გაღიზიანება იმით, რაც ესმით თავიანთი ოპონენტებისგან. პირდაპირ უნდა ვთქვა, ეს არის კატასტროფული განცხადება“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას აზრით, პრესკონფერენციაზე ძალიან გამჭვირვალედ, პირდაპირ და მკაფიოდ ითქვა, რომ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებების, ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ხალხის დაჭერების მოტივი არის არა სამართლიანობისთვის ბრძოლა, არა კონკრეტული დანაშაულებების გამოძიება, არამედ გაღიზიანება იმ ფაქტით, რომ ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური ოპოზიცია, არსებობს, რომ ხმას იღებს და აკრიტიკებს ახალ ხელისუფლებას.

„პირდაპირ ითქვა, რომ რიტორიკა აღიზიანებს ხალხს. ამას ეწოდა გონებრივი აგრესია - არ ვიცი, რას ნიშნავს ეს ზუსტად, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მოხდა მოტივების სრული ლუსტრაცია. თან ისიც დაზუსტდა, რომ აქ რომელიმე კონკრეტული დანაშაულების შესახებ კი არ არის ლაპარაკი, საუბარია, რომ ასამართლებენ სისხლისსამართლებრივი დევნით პოლიტიკურ ჯგუფს, პოლიტიკურ ოპოზიციას“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

უშიშროების საბჭოს მდივანი თავის მიმართვაში ე.წ. პოლიტპატიმრების სიასაც შეეხო და აღნიშნა, რომ „ეს არ გახლავთ პარტიული საკითხი, ეს არ გახლავთ საკითხი სააკაშვილის ინტერესის ან ვინმეს ინტერესის, ეს არის საკითხი ქვეყნის უსაფრთხოების“.

უშიშროების საბჭოს მდივნისთვის გაუგებარია, პოლიტიკური უმრავლესობა „ასეთ ხმამაღალ ტერმინს რა ტესტით იყენებს“, როცა ე.წ. პოლიტპატიმართა სიაში პოტენციურად მოიაზრებიან საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დაკვეთით ტერაქტებისთვის მსჯავრდებულები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუშობით დაკავებული ადამიანები, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ იარაღით ამბოხებულები, უმცირესობების მიმართ სიძულვილის მკაფიო მქადაგებლები და მათ მიმართ დანაშაულის ჩამდენები.

„საზოგადოებაში სამწუხაროდ არიან სხვა ჯგუფებიც, რომლებიც ასეთივე სიძულვილს აფრქვევს ხშირად. ასეთი ადამიანების გამოცხადება პოლიტპატიმრებად აგზავნის ძალიან სახიფათო სიგნალს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის, უმცირესობების უფლებებისთვის, უსაფრთხოებისთვის - იმიტომ რომ, საბოლოო ჯამში, ეს საკითხები უკავშირდება უსაფრთხოებას - და საერთოდ სუვერენიტეტისთვის“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მისთვის პრემიერმინისტრის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მისამართით გამოთქმული მოსაზრებები და გეგმები შოკისმომგვრელი გულწრფელი აღიარებაა. „დღეს პირდაპირ ითქვა, რომ ეს არხი პრემიერმინისტრს არ მოსწონს და სურს ამ არხის შერწყმა საკუთარ პირად ტელევიზიასთან, მეცხრე არხთან, რომელიც ყველამ იცის, რომ იყო მისი პარტიის პროპაგანდის ორგანო. შეიძლება ვიღაც ამაში არ დამეთანხმოს, მაგრამ ამაში არ არის საქმე. საქმე იმაშია, როგორ შოკისმომგვრელად პირდაპირ გვეუბნება პრემიერმინისტრი ამოცანების და ამ ამოცანების მოტივების შესახებ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერია ამბობს, რომ სტრესი, რომელსაც პრემიერმინისტრის პოლიტიკური გუნდი განიცდის, ბუნებრივია და რომ იგივე მის პოლიტიკურ გუნდსაც გამოვლილი აქვს: „ნებისმიერ გუნდს, ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს შეცდომები, მაგრამ ის ტენდენცია, რაზეც მე ვსაუბრობ, ის ლუსტრაცია პრემიერმინისტრისგან ამ მოტივების, არის ხარისხობრივად აბსოლუტურად სხვა ტიპის გამოწვევა ქართული დემოკრატიისთვის. საბოლოო ჯამში, ამ გზის ბოლოს დგას ამ სახელმწიფოში დემოკრატიის მინიმალური სტანდარტების არსებობის საფრთხე“.

ბოკერიას აზრით, ამ საფრთხის რეალურობაზე ისიც მიუთითებს, რომ თავის გამოსვლებში პრემიერი ივანიშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის წითელ ხაზებზე აკეთებს აქცენტს: „მინდა განვუმარტო პრემიერმინისტრს, მის გუნდს, საზოგადოებას, ეს არ არის ვინმეს პერსონალური წითელი ხაზები, ეს არის დემოკრატიის მინიმალური წითელი ხაზები“.

ბოკერია დემოკრატიის წითელი ხაზის შინაარსსაც განმარტავს: „როცა პოლიტიკური ძალა იგებს არჩევნებს - ამ შემთხვევაში ქართულმა ოცნებამ და მისმა ლიდერმა პრემიერმა ივანიშვილმა მოიგო არჩევნები - ეს არ ნიშნავს არავითარ შემთხვევაში, წაგებული პოლიტიკური ძალის გაქრობას. ეს არ ნიშნავს, რომ დამარცხებული პოლიტიკური ძალა აღარ აკრიტიკებს ხელისუფლებას, ზოგჯერ მწვავედაც კი. ეს არის მინიმალური წითელი ხაზი, რომელიც სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე საკუთარი პოლიტიკური კარიერისა, პრემიერმინისტრ ივანიშვილს და მის გუნდს არ ესმით და არ უნდათ მიღება. ეს არის სახიფათო, უმძიმესი შეცდომა მათ აღქმაში“.

განცხადების ბოლოს უშიშროების საბჭოს მდივანი მოუწოდებს პრემიერმინისტრს და მის გუნდს, სანამ დროა, გადახარშონ ემოციური ტალღა, და შეეგუონ ამ მინიმალურ სტანდარტს და წითელ ხაზებს: „მათ მოიგეს არჩევნები, მიიღეს ქართველი ხალხის მანდატი, არიან მთავრობაში და იქნებიან კიდევ ის წლები, რა მანდატიც აქვთ მათ მოცემული. შესაძლოა, მათ მოიგონ მომავალი არჩევნები, მაგრამ როგორც კი ისინი გააგრძელებენ ამ გზას - ისარგებლონ სისხლისსამართლებრივი დევნით, როცა არ მოეწონებათ ვიღაცის კრიტიკა, გააგზავნონ სიგნალი, რომ ძალადობა, იარაღის ძალით ამბოხება, ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება, შეიძლება იყოს ირიბად წახალისებული მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ადამიანებისთვის მსჯავრის გამოტანა მოხდა პოლიტიკურად მიუღებელი ან თუნდაც პოლიტიკურად საძულველი ხელისუფლების პირობებში - ეს გზა ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას“.

კომენტარები