ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ Prime Time-ის პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა.
მისი თქმით, ოქრუაშვილი ხელისუფლებასთან გამოძიების კუთხით თანამშრომლობას, საკუთარ ბრალდებებზე შეღავათების მიღებისთვის არ აპირებს.
,,ირაკლი ოქრუაშვილი არ აპირებს ამ საქმეებზე შეღავათების ხარჯზე ითანამშრომლოს ახალ ხელისუფლებასთან, არამედ ითანამშრომლებს იმ შემთხვევაში, თუკი გამოძიებები მიდის იმ საქმეებზე, რომელზეც ოქრუაშვილს გააჩნია ინფორმაცია’’, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ,,ამ მომენტისთვის პოლიტიკური მიზნები არ გააჩნია’’ და საქართველოში ,,სამართლიანობის აღდგენის მიზნით’’ ჩამოვიდა.
შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი 20 ნოემბერს საქართველოში დაბრუნდა და საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავეს. ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი, თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 დეკემბერს, დილის 10:00 საათზე გაიმართება.




