პრესკონფერენცია

ბიძინა ივანიშვილი: აპრილიდან ასაკობრივი პენსია 125 ლარი იქნება

ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ  2013 წლის აპრილიდან ასაკობრივი პენსია 125 ლარი იქნება. 
მან ასევე აღნიშნა, რომ სექტემბრიდან ასაკით პენსიონერების და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პენსია საარსებო მინიმუმს გაუტოლდება; საარსებო მინიმუმი კი გადაიხედება.
”აღმოიფხვრება 2005 წელს ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ პირთა საპენსიო უზრუნველყოფაში არსებული დისკრიმინაცია და მათი პენსია 2013 წლიდან მუშაობის სტაჟზე და წოდებებზე იქნება დამოკიდებული. იგივე მიდგომა შეეხებათ სამოქალაქო ავიაციიდან დათხოვნილ პირებსაც. ამისთვის დამატებით 19 მილიონი გამოიყოფა. 1-ლი ივლისიდან უკიდურესად გაჭირვებული 480 ათასი ადამიანისთვის სოციალური დახმარება გაორმაგდება. რეგრესირებულთა პენსია აღდგება და დევნილების სოციალური დახმარებაც გაორმაგდება”, - აცხადებს ივანიშვილი.
რაც შეეხება დაზღვევას, ივანიშვილი ამბობს, რომ უკვე 2013 წლის იანვრის ბოლოში სახელმწიფო, ერთიან სამედიცინო სადაზღვეო ფონდს ქმნის. 
”ამის შემდეგ, პირველ ეტაპზე, რამდენიმე თვე, ალბათ, 3-4 თვე სამედიცინო სადაზღვევო პაკეტი იქნება შედარებით მცირე, ივლისის ბოლოდან კი, როგორც გპირდებოდით, სადაზღვევო პაკეტი იქნება უფრო ფართო და სრულყოფილი. წლევანდელი ბიუჯეტი წინა ხელისუფლების მიერ არის დატოვებული. ჰქონდა ძალიან ბევრი გაუაზრებელი ხარჯები ხელისუფლებას, მათ შორის პრემიერმინისტრის სასახლის მშენებლობა”, - აღნიშნავს ივანიშვილი. 

კომენტარები